logo_geo
რატომ იღებს „Disney“ ძველი მულტფილმების „რიმეიქებს“?
- +

2 ივნისი. 2019. 13:16

 

„Disney“ ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მულტფილმების ახალი ვერსიების გადაღებას განაგრძობს, ესენია, „ალადინი“, „მეფე ლომი“; მარტში გამოვიდა სპილო დამბოზე შექმნილი მულტფილმის „რიმეიქი“, რომელიც ბოლო 4 წელიწადში მეოთხე „გადაკეთებული ვარიანტია“ „კონკიას“, „ჯუნგლების წიგნისა“ და „ურჩხული და მზეთუნახავის“ შემდეგ. BBC იმის გარკვევას შეეცადა, თუ რატომ არის „რიმეიქები“ და „სიქველები“ აქტუალური და ეფუძნება თუ არა ასეთი პროდუქცია ნოსტალგიის ექსპლუატაციას?

 

იზიდავთ თუ არა ადამიანებს წარსული?

 

კინომცოდნეების აზრით, კი. სწორედ ამიტომ ბოლო დროს გამოსული ფილმების უმრავლესობა „სიქველი“ ან „რიმეიქია“. ამას სპეციალისტები რეალური სამყაროსგან თავის არიდების ერთგვარი საშუალებად მიიჩნევენ. ამავდროულად, ეს ბავშვობაში დაბრუნების მცდელობაა. სწორედ ამას ადასტურებს ზრდასრული ადამიანების ინტერესი მულტფილმებისადმი.

 

„ადამიანებს მოსწონთ ნოსტალგია“, - ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქოლოგიის პედაგოგი ვეინანდ ვან ტილბურგი. მისი აზრით, ეს არის ძლიერი ემოცია, რომელიც რთულ პერიოდში გვეუფლება. ფსიქოლოგების განმარტებით, ახლანდელ და წარსულ „მეს“ შორის კავშირს ადამიანები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს მოგონებები ქმნიან წარსულის შელამაზებულ სურათს, რომელიც თავს უკეთ გვაგრძნობინებს.

 

„სიქველი“ ცუდია?

 

სტუდია Pixar-ის „სიქველები“ მკაცრად გააკრიტიკეს. მათ ორიგინალების აჩრდილი უწოდეს. კინოანალიტიკოსების თქმით, მთავარია „სიქველი“ საინტერესოდ გაკეთდეს. „თუ თქვენ გინდათ ამა თუ იმ ფილმის თუ მულტფილმის გაგრძელების შემოთავაზება, რაიმე ახალი უნდა მოიფიქროთ“, - ამბობენ კრიტიკოსები. მიუხედავად არც თუ ისე სახარბიელო შეფასებებისა, სტუდია Pixar-მა, რომელიც „Disney“-ს ნაწილია, გამოუშვა „სათამაშოების ისტორია 2“. მისი ბოლო 10 ფილმიდან 6 კი „სიქველი“ იყო. მომავალ ზაფხულს Pixar-ი „სათამაშოების ისტორია 4“-ს გამოშვებას გეგმავს.

 

არის თუ არა მაყურებლისთვის ეს ტემპი მისაღები?

 

სტუდია „Disney“-ს გულშემატკივრები ამბობენ, რომ რიმეიქები თავიანთ მომხიბვლელობას ნელ-ნელა კარგავენ. მათი აზრით, თუ მაყურებელი ერთი და იმავე ისტორიის რამდენიმე ვერსიას იხილავს, სიახლის ეფექტი დაიკარგება. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ თითოეული ეს მცდელობა, შესაძლოა, „პირველი“ გახდეს.

 

„Disney“-ს გამგეობის თავმჯდომარემ ბობ აიგერმა გასულ წელს „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებით აღიარა, რომ კორპორაციამ „ძალიან იჩქარა“. აქ საქმე ეხება ფრანშიზის გაგრძელებას მას შემდეგ, რაც ჰან სოლოზე გადაღებული ბოლო ფილმი აუდიტორიამ ცივად მიიღო. „Disney“-მ დააანონსა ახალი ტრილოგია, რომლის შემადგენელი ნაწილები კინოთეატრებში 2022, 2024 და 2026 წლებში გამოვა. „დამბოს“ „რიმეიქის“ ჩავარდნა კი სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ მაყურებელი ძველის გადაკეთებით ნამდვილად დაიღალა.

 

კინოგიგანტის მანქანა კი ერთ ადგილზე არ ჩერდება: „მეფე ლომის“ შემდეგ მომდევნო წლის მარტში ახალი სრულმეტრაჟიანი „მულანი“ გველოდება. გარდა ამისა, Disney-მ 2021-დან 2023 წლამდე ცხრა ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შესახებ უკვე განაცხადა. ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ კინოსტუდიის ანონიმური წყაროს ცნობით, ამ ფილმების ნაწილი ან შესაძლოა, ყველა, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების რიმეიქი იქნება. ეს შეიძლება იყოს „კუზიანი ნოტრ-დამიდან“, „პიტერ პენი“ და „პინოქიო“.

 

რა კავშირია ნოსტალგიასა და განწყობას შორის?

 

ფსიქოლოგების აზრით, ნოსტალგიას ძლიერი სოციალური შემადგენელი ახლავს. გამოკვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები ნოსტალგიურ მოგონებებს იყენებენ იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნონ. ამასთან ნოსტალგია ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ ან თავს დაკარგულად გრძნობენ. სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა ადამიანები დღეს ოჯახისა და მეგობრებისგან თავს გაცილებით იზოლირებულად გრძნობენ და შესაძლოა, ნოსტალგია ამასთან გამკლავების ერთგვარ საშუალებად მიაჩნდეთ. სწორედ ამით ხსნიან ფსიქოლოგები მულტფილმების აქტუალობას.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი