logo_geo
მოსკოვში ჟურნალისტებს და აქტივისტებს მასობრივად აკავებენ
- +

12 ივნისი. 2019. 16:22

 

მოსკოვში „მედუზას“ ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

 

ინფორმაციას რუსული მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დაკავებულებს შორის არიან „მედუზას“ თანამშრომლები, ასევე Reuters-ის, „МБХ МЕДИЯ“-ს, „Эхо Москви“-ს,„Коммерсант“-ის, „Лента.РУ“-, „Der Spiegel“-ის, „The Village“-ის წარმომადგენლები. დაკავებულებს შორისაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნიც.

 

 

შეკრებილები სხვადასხვა ლოზუნგებს სკანდირებენ, მათ შორის „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ძირს ჩეკისტების ხელისუფლება“ და სხვა.

 

 

მოსკოვში საპროტესტო აქციები 7 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც „მედუზას“ ჟურნალისტი ივან გოლუნოვი დააკავეს.

 

საპროტესტო აქციები დღესაც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ 11 ივნისს ივან გოლუნოვი გაათავისუფლეს, რადგან „დანაშაულში მისი მონაწილეობა არ დადასტურდა“.

 

ოფიციალური ვერსიით, გოლუნოვს ჩხრეკისას „გაურკვეველი სუბსტანციის“ შეკვრა უპოვეს, რაც მოგვიანებით „მეფედრონი“ (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა.

 

გოლუნოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

 

ჟურნალისტს ბრალად აკრძალული ნივთიერების ფლობა და მისი გაყიდვის უკანონო მცდელობა ედებოდა.

 

ივან გოლუნოვი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება დაკავებიდან 14 საათის შემდეგ მისცეს. მოგვიანებით უფლებადამცველმა განაცხადა, რომ გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო. ჟურნალისტის მიმართ დაირღვა კიდევ ერთი უფლება - მას არ მისცეს 1 ზარის განხორციელების საშუალება.

 

ასევე, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ სუბსტანციის შეკვრას, რომელიც მას აღმოუჩინეს.

 

„მედუზას“ ხელმძღვანელმა გალინა ტიმჩენკომ და მთავარმა რედაქტორმა ივან კოლპაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ​გოლუნოვის უდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებულები არიან. მათივე თქმით, აქვთ საბაბი, იფიქრონ, რომ გოლუნოვი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს: წლების განმავლობაში მან მრავალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ბიზნესმენების კორუფციის და თაღლითობის სხვადასხვა სქემის შესახებ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი