logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება ერთადერთი საშუალებაა...
- +

18 ივნისი. 2019. 13:44

 

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება ერთადერთი საშუალებაა მის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების - დონბასის ნაწილისა და ყირიმის გასათავისუფლებლად. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანული „BILD“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

კითხვაზე, რას ფიქრობს იმ მიდგომაზე, როდესაც ზოგჯერ რუსეთისთვის სანქციების შესუსტების საკითხი დგება, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ პირებს, რომლებიც ამ საკითხს აყენებენ, პირველ რიგში უნდა შეახსენონ სანქციების შემოღების მიზეზი.

 

„ჩემი პოზიცია მკაფიო და უბრალოა. სანქციები ერთადერთი ბერკეტია ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად და ჩვენი ხალხის დასაბრუნებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, სანქციები ასევე მთავარი დიპლომატიური ინსტრუმენტია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად.

 

„თუ ეს ინსტრუმენტი არ მუშაობს, მექანიზმი უნდა გაფართოვდეს. არც სუვერენიტეტი, არც ტერიტორია, არც უკრაინელი ხალხის ბედი მოლაპარაკების საგანი არ იქნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვლადიმირ ზელენსკი გუშინ საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტი დღეს გერმანიაში ჩავიდა და კანცლერ ანგელა მერკელთან გამართავს მოლაპარაკებებს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი