logo_geo
„WP“: მაიკ პომპეომ ირანი ამერიკელი სამხედროების დაღუპვის შემთხვევაში, სამხედრო რეაგირების შესახებ გააფრთხილა
- +

19 ივნისი. 2019. 14:34

 

გამოცემა „The Washington Post“ (WP) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ ვითარების ესკალაციის შედეგად ერთი ამერიკელი ჯარისკაცი მაინც დაიღუპება, შეერთებული შტატები სამხედრო რეაგირებას მოახდენს.

 

მედიის წყაროს ცნობით, მაიკ პომპეომ ირანის ხელისუფლება მას შემდეგ გააფრთხილა, რაც მაისში ბაღდადში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

 

როგორც „WP“ აღნიშნავს, ეჭვგარეშეა, რომ პომპეოს ეს გზავნილი ირანს გადასცეს. უპასუხა თუ არა ირანის ხელისუფლებამ მის განცხადებას, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

 

„რა მოხდება, თუ [ახლო აღმოსავლეთში] ამერიკელები დაიღუპებიან? ეს ყველაფერს შეცვლის“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი წყაროს სიტყვებს.

 

აღნიშნულ საკითხზე პენტაგონის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ხოლო ნაციონალური უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა გამოცემის შეკითხვებს არ უპასუხა.

 

როგორც გამოცემა იხსენებს, ოფიციალურად მაიკ პომპეომ მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „ირანთან ომი არ სურს“. თუმცა, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, ვაშინგტონი „აგრესიის შეჩერებას“ შეეცდება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი