logo_geo
ვლადიმირ პუტინი: ლიბერალიზმი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ინტერესებს ეწინააღმდეგება
- +

28 ივნისი. 2019. 11:23

 

იაპონიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამგზავრებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „Financial Times“-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

 

კრემლის ლიდერმა თქვა, რომ ლიბერალიზმი და ის იდეოლოგია, რომელზეც დასავლური ქვეყნების დემოკრატია დგას, უკვე მოძველდა.

 

„ლიბერალებს არ შეუძლიათ, ვინმეს რამე მიუთითონ“,- თქვა პუტინმა.

 

მან დასძინა, რომ ლიბერალიზმი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მანვე თქვა, რომ ლგბტ ადამიანებს რუსეთში პრობლემები არ აქვთ, თუმცა, მისივე აზრით, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა ტრადიციებისა და კულტურის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

 

„ყველა ბედნიერი იყოს, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მილიონობით ადამიანის კულტურის, ტრადიციებისა და ტრადიციული საოჯახო ღირებულებების ხარჯზე“,- თქვა პუტინმა.

 

ინტერვიუსას მან დონალდ ტრამპი შეაქო და თქვა, რომ ის ნიჭიერი კაცია.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებს ოსაკაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ხანმოკლე საუბრის შესაძლებლობა ექნებათ.

 

იაპონიის ქალაქი ოსაკა G20-ის სამიტს მასპინძლობს. G20-ის სამიტი ყოველწლიურად გაერთიანების ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ქალაქში იმართება. სახელმწიფოთა ლიდერები საერთაშორისო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიებზე, კლიმატის ცვლილებებზე მსჯელობენ.

 

სამიტი ოსაკაში 28-29 ივნისს გაიმართება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი