logo_geo
გაერო: მსოფლიოში ოჯახურ ძალადობას 2017 წელს 50 ათასამდე ქალი ემსხვერპლა
- +

8 ივლისი. 2019. 14:49

 

2017 წელს მსოფლიოში ოჯახურ ძალადობას 50 ათასამდე ქალი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს გაერო-ს ნარკოტიკისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო აქვეყნებს (UNODC).

 

ანგარიშის თანახმად, სულ 2017 წელს მსოფლიოში 87 ათასი ქალი მოკლეს.

 

ანგარიშის ავტორების მონაცემებით, მსოფლიოში მრავალი ქალი მოქმედი ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან, ასევე მშობლების და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მკვლელები ყოფილი ან მოქმედი პარტნიორები არიან, დანაშაული უმეტეს შემთხვევაში ჩადენილია არა სპონტანურად, არამედ ეს არის ხანგრძლივი ძალადობის შედეგი. ამასთან, ხშირად მოტივი ეჭვიანობა ან განშორების შიშია.

 

დოკუმენტის მონაცემების თანახმად, ოჯახური ძალადობის შედეგად ყველაზე მეტი ქალი აზიის ქვეყნებში იღუპება (თითქმის 20 ათასი). აფრიკაში პარტნიორებისა და ნათესავების მხრიდან ძალადობას 2017 წელს 19 ათასი ქალი და გოგონა ემსხვერპლა, ამერიკის კონტინენტზე - 8 ათასი, ევროპაში - 3 ათასი.

 

გაერო-ს მონაცემებით, სულ 2017 წელს ჰომიციდის მსხვერპლი მსოფლიოში 464 ათასი ადამიანი გახდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ამავე პერიოდში შეიარაღებულ კონფლიქტებში გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა (89 ათასი).

 

 

 

 

 

big_banner
არქივი