logo_geo
„Johnson & Johnson“-ის საბავშვო ფხვნილის კიბოს რისკებზე ინფორმაციის დამალვის გამო გამოძიება დაიწყო
- +

15 ივლისი. 2019. 16:52

 

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კომპანია „Johnson & Johnson“-ის საქმეზე იმის დასადგენად, იცოდნენ თუ არა კომპანიის წარმომადგენლებმა პროდუქტში კარცეროგენების შემცველობის შესახებ, გამოძიება დაიწყო.

 

„Bloomberg“-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში იკვლევენ კონკრეტულ დოკუმენტებს, რომლითაც დადგინდება, რა ინფორმაციას ფლობდნენ კომპანიის წარმომადგენლები საბავშვო ფხვნილის შემადგენელი საშიში ნივთიერებების შესახებ.

 

საბავშვო ფხვნილი  „Johnson & Johnson“-ის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია. მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა კომპანიის წინააღმდეგ 14 000 სასამართლო სარჩელი გამოიწვია. მომხმარებლები ირწმუნებოდნენ, რომ ფხვნილი საკვერცხის კიბოსა და მეზოოთელიომას იწვევს. 

 

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ და „Johnson“-ის საბავშვო ფხვნილი კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს არ შეიცავს.

 

„Johnson & Johnson“-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა მიმდინარე წლის მაისში ოკლაჰომას შტატშიც დაიწყო. პროკურორი კომპანიას სინთეტური ნარკოტიკის ეპიდემიის გაღვივებაში ადანაშაულებდა.

 

მანამდე კი კომპანიას $29 მილიონის გადახდა მოუწია ქალისთვის, რომელიც „Johnson & Johnson“-ს ფილტვების დაავადების გამომწვევი ტალკის წარმოებაში ადანაშაულებდა.

 

 

big_banner
არქივი