logo_geo
მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი არასრულწლოვანი დააკავეს
- +

11 აგვისტო. 2019. 13:05

 

10 აგვისტოს, მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი მოზარდი დააკავეს. ამის შესახებ მოსკოვში ბავშვთა უფლებების საქმეთა რწმუნებულმა ევგენი ბუნიმოვიჩმა განაცხადა. იუწყება „ინტერფაქსი“.

 

„დაკავებულია ათზე მეტი არასრულწლოვანი, მაგრამ ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია“ - განაცხადა ბუნიმოვიჩმა.

 

მისი თქმით, დაკავებულ არასრულწლოვანთაგან უმეტესობა უკვე გაათავისუფლეს.

 

როგორც ცნობილია, მოხალისეთა პროექტის „თეთრი მრიცხველის“ ინფორმაციით, მოსკოვში ხელისუფლების მიერ სანქცირებულ მიტინგში მონაწილეობა მიიღო 60 ათასამდე ადამიანმა. რუსეთის მასშტაბით, აქციებზე, მთლიანობაში, 325 ადამიანი დააკავეს.

 

14 ივლისიდან მოსკოვში აქციები იმართება, რომლის მონაწილეები ითხოვენ, დამოუკიდებელ დეპუტატებს მოსკოვის სათათბიროში შესვლის უფლება დართონ. ყველაზე მასშტაბური 27 ივლისისა და 3 აგვისტოს აქციები იყო, რომლებზეც ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

 

10 აგვისტოს მოსკოვში, ასევე გაიმართა მიტინგი თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული მიტინგების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმმა აქტივისტების მასობრივი დაკავებები დაიწყო.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი