logo_geo
ჰონგ-კონგის აეროპორტში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
- +

13 აგვისტო. 2019. 23:55

 

ჰონგ-კონგის აეროპორტში პოლიციასა დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მედიკოსებმა მთავარი ტერმინალიდან დაშავებული ადამიანი გამოიყვანეს.

 

მომიტინგეებმა პოლიციის რამდენიმე ავტომობილს გზა ჩაუკეტეს. მათ სპეცრაზმის ბლოკირებისთვის ბარგის ურიკები გამოიყენეს. სპეცდანიშნულების რაზმმა კი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

 

შეგახსენებთ, რომ აქციებისგან გამოწვეული ქაოსის გამო, მსოფლიოს ერთ-ერთ დატვირთულ აეროპორტში გუშინ და დღეს ასობით ავიარეისი გადაიდო.

 

დღეს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლემმა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ქალაქს „უფსკრულისკენ“ ნუ მიაქანებენ.

 

„გთხოვთ, ერთი წუთით შეხედეთ საკუთარ ქალაქს, სახლს - ნუთუ მისი უფსკრულში გადაჩეხვა გსურთ?“ - მიმართა კერი ლემმა დემონსტრანტებს.

 

დღესვე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარმა მიშელ ბაშელემ ჰონგ - კონგის ხელისუფლებას მოუწოდა, თავშეკავება გამოიჩინოს და გამოიძიოს მტკიცებულებები, რომლებიც სამთავრობო ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული გზით გამოყენებაზე მეტყველებს.

 

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი 1997 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, რომელიც ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა.

big_banner
არქივი