logo_geo
დონალდ ტრამპი: წინა ადმინისტრაციებმა ჩინეთს ნება დართეს, შორს წასულიყო - მე ამის გაგრძელებას აღარ დავუშვებ
- +

24 აგვისტო. 2019. 17:13

 

„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 550 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტარიფს 5 პროცენტით ზრდის“, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ ავრცელებს.

 

ტრამპის განცხადებით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან, აშშ 250 მილიარდი ღირებულების ჩინურ იმპორტირებულ საქონელზე დღეს არსებულ 25-პროცენტიან ტარიფს 30 პროცენტამდე გაზრდის. რაც შეეხება დარჩენილ 300 მილიარდი ღირებულების ჩინურ საქონელს, ტრამპის ინფორმაციით, არსებული 10-პროცენტიანი ტარიფის 15 პროცენტამდე გაზრდა გარკვეულ საქონელზე მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ეტაპობრივად დაიწყება, საქონლის დაახლოებით ნახევარზე კი ტარიფი 15 დეკემბრიდან მოიმატებს.

 

„სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციებმა ჩინეთს ნება დართეს, „სამართლიანი და ბალანსირებული ვაჭრობიდან“ ძალიან შორს წასულიყო, რაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელისთვის მძიმე ტვირთად იქცა. როგორც პრეზიდენტი, მე ამის გაგრძელებას აღარ დავუშვებ“, - წერს ტრამპი „Twitter“-ზე.

 

ტრამპის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ გუშინ გაჟღერებული გადაწყვეტილება აშშ-დან იმპორტირებულ 5 ათას სასაქონლო პოზიციაზე დამატებითი 10 და 5%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ.

 

ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინეთისა და აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილებები მსოფლიოს ორ უმსხვილეს სახელმწიფოს შორის 2018 წელს დაწყებულ სავაჭრო ომს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

 

big_banner
არქივი