logo_geo
ჰონგ-კონგში დემონსტრანტების მხარდასაჭერად სტუდენტები და მოსწავლეები გაიფიცნენ
- +

2 სექტემბერი. 2019. 12:13

 

ჰონგ-კონგში უნივერსიტეტების და სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამ მიზნით სასწავლო წლის პირველ დღეს გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters“ ავრცელებს.

 

ასობით სტუდენტი და მოსწავლე ჰონგ-კონგში ჩინეთის უნივერსიტეტის წინ შეიკრიბა და სპეციალურად მოწყობილი სცენიდან აქციის მონაწილეთა მხარდამჭერი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.

 

დემონსტრანტებმა მოსახლეობას მასობრივი გაფიცვისკენ მოუწოდეს, თუმცა როგორც „Reuters“ წერს, მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა ორშაბათ დღეს სამსახურებში გასვლა ამჯობინა.

 

აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ დღეებში ჰონგ-კონგში ისევ გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები. 1 სექტემბერს ათასობით დემონსტრანტმა ჰონგ-კონგის აეროპორტამდე მისასვლელი გზები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დაბლოკა, რათა მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ მათ საპროტესტო აქციებს, რომლითაც ჩინეთის მმართველობის ქვეშ მყოფ ჰონგ-კონგში მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

 

31 აგვისტოს ჰონგ-კონგის სხვადასხვა ადგილზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ძლიერი შეტაკებები მოხდა. არეულობა ადმინისტრაციული შენობების რაიონში დაიწყო და გვიან ღამემდე ქალაქის სამ რაიონში გაგრძელდა.

 

დემონსტრანტები პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს და სხვა ნივთებს ესროდნენ, სამართალდამცველებმა კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი ჰაერში გამაფრთხილებლადაც გაისროლეს.

 

ჰონგ-კონგის მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა, რასაც ჰონგ-კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. მთავრობა დათმობაზე წავიდა და კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება, რადგან აქციის მონაწილეები კანონპროექტის განხილვის მთლიანად გაუქმებას მოითხოვენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი