logo_geo
აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტში ეჭვმიტანილს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა
- +

14 სექტემბერი. 2019. 13:26

 

აშშ-ში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირის სახელი გაშიფრა და გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. ამის შესახებ  „The Wall Street Journal“ წერს.

 

გამოცემის ცნობით, ამ ადამიანის სახელი 2012 წლის საიდუმლო ანგარიშში მოხვდა. ტერაქტის მსხვერპლთა ნათესავები აშშ-ის ხელისუფლებისგან ამ ინფორმაციის გახსნას ითხოვდნენ. თუმცა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილეობა ბოლომდე დადასტურებული არ არის.

 

2001 წლის 11 სექტემბერს, 18 წლის წინ, დილით, „ალ-ქაიდას“ 19 თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.

 

დღემდე, 2753 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641 მსხვერპლი, მათგან 77% იყო კაცი, 23% - ქალი. ტერაქტს 87 ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა.

 

5 ბრალდებულის წინააღმდეგ აღძრული საქმის არსებითი განხილვა 2021 წლის 11 იანვარს დაიწყება.

 

ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორს - ხალიდ შეიხ მუჰამედს და მის ოთხ თანამზრახველს ბრალი სამხედრო დანაშაულში ედებათ. ბრალდების მტკიცებით, მათ ტერაქტები დაგეგმეს და 4 „ბოინგის“ 19 გამტაცებელს მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთივე დაკავებულს სიკვდილით დასჯა ელის. ხუთივე დაკავებული სამართალდამცველებმა 2002-2003 წლებში პაკისტანში დააკავეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი