logo_geo
მაიკ პომპეო - აშშ-ს ირანთან ომის თავიდან აცილება სურს
- +

23 სექტემბერი. 2019. 11:57

 

 

„აშშ-ს ირანთან ომის თავიდან აცილება სურს და სპარსეთის ყურეში დამატებითი ჯარების განთავსება მხოლოდ “შემაკავებველი და თავდაცვითი“ ზომაა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

 

„ჩვენი მისია ომის თავიდან აცილებაა. ნახეთ, რა განაცხადა მინისტრმა ესპერამ პარასკევს. რეგიონში დამატებით ძალებს ვაგზავნით, რაც მხოლოდ შემაკავებველი და თავდაცვითი ზომაა,“ - განაცხადა პომპეომ Fox News-თან საუბარში.

 

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაშინგტონი თეირანის შესაკავებლად საჭირო ზომებს ღებულობს, თუმცა, თუ ეს შემაკავებელი ზომები უშედეგო იქნება, პრეზიდენტი ტრამპი მოქმედებას დაიწყებს და რომ ეს ირანელ ლიდერებსაც კარგად ესმით.

 

„თუ ეს შემაკავებელი ზომები უშედეგო იქნება, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი საჭირო ზომების განხორციელებას დაიწყებს,“ - დასძინა პომპეომ.

 

აშშ-სა და ირანს შორის ისეთად დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც 14 სექტემბერს, საუდის არაბეთში, ორ ნავთობტერმინალზე დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ-მ ირანი დაადანაშაულა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თავდასხმა მსოფლიოს მთავარი ნავთობექსპორტიორის წინააღმდეგ ჩადენილი საომარი ქმედებაა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა მოკავშირეებთან ერთად, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ქმედებების მიზნით კოალიციის შექმნის საკითხს განიხილავს.

 

გარდა ამისა, აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა.

 

ირანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანაზე განხორციელებული „ნებისმიერი თავდასხმის აღსაკვეთად“ და „ნებისმიერი აგრესორის ბოლომდე გასანადგურებლად“ მზადაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი