logo_geo
CNN: ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა
- +

24 სექტემბერი. 2019. 17:45

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სკანდალურ სატელეფონო საუბრამდე, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა, - წერს CNN თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

 

კერძოდ, CNN-ის ცნობით, ტრამპმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრამდე ერთი კვირით ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლ მიკ მულვანს სთხოვა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეეჩერებინა.

 

CNN-ის წყაროს მიხედვით, ამის მიზეზად უკრაინაში არსებული კორუფციული გარემო და ამით ტრამპის შეშფოთება სახელდება, თუმცა, როგორც მასალაშია აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტის ზუსტი მოტივი მაინც უცნობია.

 

მანამდე გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას 2020 წლის არჩევნებში მისი კონკურენტი ჯო ბაიდენის უკრაინაში საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა. თუმცა, ტრამპი ამ ბრალდებას უარყოფს. 

 

დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზენელსკისთან სატელეფონო საუბარი სკანდალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა საჩივარი დაწერა, რომლის ზუსტი შინაარსი უცნობია, თუმცა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ივლისში სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა, თუმცა ტრამპმა „ფეიკმედია და მათთან შეკრული დემოკრატიული პარტია“ მისი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის გარშემო სიცრუის გავრცელებაშიც დაადანაშაულა. 

 

ტრამპი პირიქით აცხადებს, რომ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატია, უკრაინის ხელისუფლებას მისი შვილის წინაღმდეგ აღძრული საქმის პროკურორის დათხოვნას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტით იმუქრებოდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი