logo_geo
გავრცელდა სტენოგრამა - რაზე ისაუბრეს ტელეფონით ტრამპმა და ზელენსკიმ
- +

26 სექტემბერი. 2019. 11:56

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვლადიმირ ზელენსკის სატალეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა. ამ საუბრის გამო, „დემოკრატები“ აშშ-ის პრეზიდენტს იმპიჩმენტით ემუქრებიან. სტენოგრამაში ტრამპი და ზელენსკი სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. მათ შორის არის საკითხი აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდეტი ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერის შესახებ, რომელიც წლების წინ უკრაინაში ბუნებრივი აირის კერძო კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. თუმცა, ლიდერების საუბრიდან სხვა საინტერესო დეტალებიც ხდება ცნობილი.

 

გამოძიება ჯო ბაიდენის წინააღმდეგ

 

ტრამპი ბაიდენის სახელს პირველად მას შემდეგ ახსენებს, რაც ლიდერები 2016 წელს „დემოკრატების“ კომპიუტერულ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმის გამოძიების შესახებ საუბრობენ.

 

„ბევრს საუბრობენ ბაიდენის ვაჟზე, იმაზე, რომ ბაიდენმა შეაჩერა სისხლის სამართლის გამოძიება. ამის შესახებ მეტის გაგება ბევრს სურს. ამიტომ, ყველაფერი, რის გაგებასაც თქვენ შეძლებდით აშშ-ის გენერალურ პროკურორთან ერთად, იქნებოდა გადასარევი. ბაიდენი თავად ტრაბახობდა, რომ გამოძიება შეაჩერა, ასე რომ, თუ თქვენ შეგიძლიათ, ამ საქმეს მიხედოთ… ეს ძალიან საშინლად ჟღერს ჩემთვის“, – ამბობს ტრამპი.

 

თავის მხრივ, ზელენსკი ტრამპს თანამშრომლობას ჰპირდება, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანამდებობას უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი დაიკავებს.

 

„მინდა გითხრათ პროკურორის შესახებ. პირველ რიგში, მე ყველაფერი მესმის და სიტუაციას ვიცნობ. რადგან ჩვენ პარალამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მივიღეთ, შემდეგი პროკურორი 100 პროცენტით ჩემიანი იქნება, ჩემი კანდიდატი იქნება, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს და ის მუშაობას სექტემბერში შეუდგება. ის გაერკვევა სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ კომპანიის თაობაზე (კომპანია „ბურისიმა“, სადაც ბაიდენის ვაჟი მუშაობდა), რომელიც თქვენ ახსენეთ ამ საქმეში. გამოძიების საკითხი ამ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენის საქმეა, ამიტომ, ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ და ვიმუშავებთ ამ საქმის გამოძიებისთვის. ამას გარდა, მე მინდოდა მეკითხა, თუ თქვენ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ წარმოგვიდგენდით, ეს ძალიან სასარგებლო იქნებოდა გამოძიებისთვის“, – პასუხობს ზელენსკი.

 

ტრამპი სატელეფონო საუბრის დროს რამდენჯერმე სთხოვს ზელენსკის, ბაიდენის საკითხი მის პირად ადვოკატ და ნიუ-იორკის ყოფილ მერ რუდი ჯულიანისთან და გენერალურ პროკურორ უილიამ ბართან განიხილოს.

 

„ბატონი ჯულიანი ძალიან პატივსაცემი ადამიანია. ის ნიუ-იორკის მერი გახლდათ, შესანიშნავი მერი იყო. მე ვისურვებდი, რომ მას თქვენთან დაერეკა. მე ვთხოვ მას, დაგირეკოთ, გენერალურ პროკურორთან ერთად. რუდიმ ძალიან ბევრი რამ იცის ამის შესახებ, რა ხდება და ძალიან გამოცდილი ადამიანია. მასთან გასაუბრებას თუ შეძლებთ, შესანიშნავი იქნება. მე ვთხოვ მისტერ ჯულიანის, დაგირეკოთ და გენერალურ პროკურორ ბარსაც ვთხოვ, ჩვენ ამ საქმეს მოვაგვარებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ მოაგვარებთ“, – აცხადებს ტრამპი.

 

ზელენსკი დადებითად პასუხობს და ამატებს: „მე პირადად გეტყვით, რომ ჩემი ერთ-ერთი თანაშემწე ბატონ ჯულიანის სულ ახლახან ესაუბრა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბატონი ჯულიანი უკრაინაში ჩამოსვლას შეძლებს და ჩვენ ამ ვიზიტის დროს შევხვდებით. მე კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს შორის მხოლოდ თქვენი მეგობრები არიან. მე ვიზრუნებ, რომ ჩემს გარემოცვაში საუკეთესო და გამოცდილი ადამიანები მოხვდნენ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. ჩვენი ძალიან დიდი მეგობრები ვართ და თქვენ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მეგობარი გყავთ, ამიტომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას შევძლებთ. ამ გამოძიებასთან დაკავშირებით მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა გამოძიება ჩატარდება ღიად და გულწრფელად, გარწმუნებთ ამაში“.

 

ზელენსკი ტრამპს აქებს

 

სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტი რამდენჯერმე აქებს ამერიკელ კოლეგას. ზელენსკი აღნიშნავს, რომ გუნდის ფორმირებისას ტრამპის გამოცდილება გამოიყენა. „ჩვენ ვცდილობთ, კარგად ვიმუშაოთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ჭაობის დაშრობა გვსურს. მოვიყვანეთ არაერთი ახალი ადამიანი. არა ძველი პოლიტიკოსები, არა ტიპურები, რადგან ჩვენ გვინდა გვქონდეს ახალი ფორმატი და ახალი ტიპის მთავრობა. თქვენ ჩვენი დიდი მასწავლებელი ხართ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

 

ტრამპი და ზელენსკი აკრიტიკებენ მერკელს

 

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. იმაზე მეტს, ვიდრე ევროპა.

 

„ჩვენ ძალიან ბევრ დროს და ძალას ვხარჯავთ. უფრო მეტს ვიდრე ევროპული ქვეყნები, არადა ისინი თქვენ უფრო მეტს უნდა გეხმარებოდნენ. გერმანია თქვენთვის თითქმის არაფერს აკეთებს. ისინი მხოლოდ ლაყბობენ და მე მგონი, თქვენ მათ ეს უნდა უთხრათ. როდესაც მე ვესაუბრე მერკელს, მაშინ ის საუბრობს უკრაინაზე, მაგრამ არაფერს აკეთებს. ბევრი ევროპული ქვეყანა ანალოგიურად იქცევა. მაგრამ აშშ ძალიან კარგად ექცევა უკრაინას. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ყოველთვის ორმხრივი ქმედებაა, რადგან ხდება ცუდი ამბებიც, თუმცა აშშ უკრაინას ძალიან კარგად ექცევა“, – ამბობს ტრამპი.

 

აშშ-ის ლიდერს სრულად ეთანხმება უკრაინელი კოლეგა, რომელიც ასევე ახსენებს გერმანიის კანცლერს.

 

„მეც ვესაუბრე ანგელა მერკელს და მასაც შევხვდი. ვესაუბრე და შევხვდი მაკრონს. მე მათ ვუთხარი, რომ ისინი არასაკმარის ნაბიჯებს დგამენ სანქციების კუთხით. ისინი სანქციების შესრულებას არ უზრუნველყოფენ. ისინი არ მუშაობენ უკრაინისთვის, როგორც წესით უნდა ემოქმედათ. ისე გამოდის, რომ მართალია, ლოგიკურად ევროკავშირი ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი უნდა იყოს, მაგრამ ტექნიკურად ჩვენთვის უფრო დიდი პარტნიორი აშშ-ია და არა ევროკავშირი. ჩვენ მადლიერები ვართ, რადგან აშშ ძალიან ბევრს აკეთებს უკრაინისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ეხება. ასევე, მინდა მადლობა გითხრათ სამხედრო სფეროში მხარდაჭერისთვის. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის გასაგრძელებლად და დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენ თითქმის მზად ვართ, აშშ-ისგან მეტი „ჯაველინი“ (ტანკსაწინააღდმეგო სარაკეტო სისტემა) მივიღოთ თავდაცვითი საჭიროებისთვის“, – ამბობს ზელენსკი.

 

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა

 

მას შემდეგ, რაც ტრამპმა ზელენსკისგან რუდი ჯულიანისთან შეხვედრაზე თანხმობა მიიღო, ტრამპი პირობას დებს, რომ უკრაინის ეკონომიკა გაიზრდება.

 

„მე ვვარაუდობ, რომ თქვენი ეკონომიკა გაუმჯობესდება. თქვენ ბევრი აქტივები გაქვთ, ეს შესანიშნავი ქვეყანაა. მე ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, ეს შესანიშნავი ხალხია“ , – ამბობს ტრამპი.

 

თავის მხრივ, ზელენსკი ამბობს, რომ მასაც ჰყავს ბევრი უკრაინელი მეგობარი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. „სხვათა შორის, როდესაც ბოლოს აშშ-ში ვიმყოფებოდი, მე ნიუ იორკში ცენტრალურ პარკთან ახლოს, „ტრამპ თაუერში“ გავჩერდი. მე მათ ვესაუბრე და იმედია, მათ კიდევ ვნახავ. მინდა, მადლობა გითხრათ აშშ-ში მოწვევისთვის. მე ასევე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად მივუდგებით გამოძიების საქმეს (საუბარია გამოძიებაზე, რომელშიც ბაიდენის შვილი ფიგურირებს). რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს და ერთი რამ, ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინისთვის – არის ენერგეტიკის სფეროში დამოუკიდებლობა. მე ვვარაუდობ, რომ ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწევთ აშშ-თან ენერგოდამოუკიდებლობის საკითხზე თანამშრომლობაში. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე. ვყიდულობთ ამერიკულ ნავთობს, მაგრამ მე ველოდები მომავალ შეხვედრას“, – ამბობს ზელენსკი.

 

აშშ-ის ყოფილი ელჩი

 

კიდევ ერთი პირი, რომელსაც ლიდერები სატელეფონო საუბარში ახსენებენ, არის უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ივანოვიჩი.

 

დიპლომატის შესახებ საუბარს ტრამპი იწყებს: „აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში იყო ცუდი ამბავი და ხალხის, ვისთანაც მას საქმე ჰქონდა უკრაინაში ,ასევე ცუდი ამბავია. მე მხოლოდ მინდოდა, რომ ეს თქვენ გცოდნოდათ“, – ამბობს ტრამპი

 

ზელენსკი კი პასუხობს: „რაც შეეხება აშშ-ის ელჩს, როგორც მახსოვს, მისი სახელია ივანოვიჩი. ძალიან კარგია, რომ თქვენ პირველად აღნიშნეთ, რომ ის ცუდი ელჩი იყო, რადგან 100 პროცენტით გეთანხმებით. მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ ძალიან შორს იყო საუკეთესოსგან. ის აღფრთოვანებული იყო წინა პრეზიდენტით და ის მის მხარეს იყო. ის სათანადოდ ვერ მიმიღებდა მე, როგორც ახალ პრეზიდენტს“.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი