ამაზონის ტყეებში ხანძრები კვლავ მძვინვარებს. სტიქიამ წელს 12 მილიონი ჰექტრის ფართობის ტერიტორია გაანადგურა, რაც გასულ წელთან შედარებით სამჯერ მეტია. ბრაზილია ამაზონის ხანძრების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, თუმცა, არანაკლები ზიანი მიადგა ბოლივიასაც, სადაც ხანძრებს ჯერ კიდევ 5000-ზე მეტი ადამიანი ებრძვის.
„ევრონიუსის“ ცნობით, ცეცხლი კვლავ უკონტროლოა. სტიქიამ მცენარის 1200 სახეობა განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა. ამაზონის მკვიდრი მოსახლეობა მომხდარს გარემოს გენოციდს უწოდებს. ადგილობრივები მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში საკუთარი ძალებით ეხმარებიან.