logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: სირიის სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობამ დააჩქარა
- +

15 ოქტომბერი. 2019. 10:45

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობამ დააჩქარა, რომელმაც ვერ შეძლო, თურქეთს მილიონობით ლტოლვილთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა.

 

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა The Wall Street Journal-თან საუბარში განაცხადა, სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ „ჰუმანიტარული კრიზისისგან გამოწვეული ტკივილი არც ერთ ქვეყანას ისე არ უგრძვნია, როგორც თურქეთს.“

 

მისი თქმით, მსოფლიომ უყურადღებოდა დატოვა ანკარას არაერთი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილზე ზრუნვა ქვეყანას საერთაშორისო დახმარების გარეშე აღარ შეეძლო.

 

„ჩემმა ადმინისტრაციამ დაინახა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ აპირებდა მოქმედებას, ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა ჩრდილოეთ სირიისთვის. ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის მოსაგვარებლად ალტერნატიული გეგმის არ არსებობის გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ ან მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს ძალისხმევას, ან ლტოლვილთა მიღება უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ მოახერხა თავიდან აეცილებინა სირიის კრიზისის გამო მთელი რეგიონის „არასტაბილურობის მორევში“ ჩათრევა. მისი თქმით, ბევრ ქვეყანას კონფლიქტის უარყოფით შედეგებთან, მათ შორის არალეგალურ მიგრაციასა და ტერორისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებთან, გამკლავება უწევს.

 

ერდოღანის მტკიცებით, სამხედრო ოპერაცია - „მშვიდობის წყარო“- სირიაში ომის დასრულებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას ისახავს მიზნად.

 

„ევროკავშირმა და მთელმა მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭირონ იმას, რის გაკეთებასაც თურქეთი ცდილობს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი