logo_geo
გავრცელდა ჰამბურგის ლაბორატორიაში ცხოველებზე სასტიკი მოპყრობის ფარული კადრები
- +

18 ოქტომბერი. 2019. 17:21

 

ცხოველების უფლებადამცველებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ჩანაწერები, რომლებშიც ერთ-ერთ გერმანულ ლაბორატორიაში ექსპერიმენტებისთვის გამოყენებული ცხოველების მიმართ განსაკუთრებულად სასტიკი მოპყრობის კადრებია აღბეჭდილი. ისტორიის დეტალები თავდაპირველად გერმანულ გამოცემა „Süddeutsche Zeitung“-ში გამოქვეყნდა.

 

ქალაქ ჰამბურგში მდებარე „Laboratory of Phramacology and Toxicology“-ში ჩატარებული ექსპერიმენტების ფარული ჩანაწერი ორგანიზაცია „Cruelty Free International“-ის თანამშრომელმა გადაიღო. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაბორატორიაა გერმანიაში და იქ 175 ადამიანია დასაქმებული.

გავრცელებულ ჩანაწერებში გარკვევით ჩანს, თუ რა პირობებში ამყოფებენ სხვადასხვა სახეობის ცხოველებს. განსაკუთრებულად ცუდ პირობებში მაიმუნები იმყოფებოდნენ, რადგან მათ რკინის ვიწრო გალიებში აცხოვრებდნენ, კვლევების ჩატარებისას კი რკინის მარწუხებით აბამდნენ.

 

ფარულად გადაღებულ ვიდეოში სწორედ ამ პროცესის დროს მაიმუნების მდგომარეობაა აღწერილი: ისინი ტკივილისგან მუდმივად ყვირიან.

 

რვაწუთიან ვიდეოში გარკვევით ჩანს, რომ არა მხოლოდ მაიმუნებზე, არამედ კატებზე, ძაღლებსა და კურდღლებზეც ატარებდნენ კვლევებს ცხოველებისთვის განსაკუთრებულად სტრესულ გარემოში.

 

ორგანიზაცია „Cruelty Free International“-ის თანახმად კვლევების ფარგლებში ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მათ სხეულებში სხვადასხვა სახის მედიკამენტებისა თუ ნივთიერებების შეყვანას მოიცავდა, რათა სამედიცინო თვალსაზრისით შეესწავლათ, თუ რა რეაქცია ექნებოდა მათ ორგანიზმს.

 

ამის შედეგად ხშირად ცხოველებს რამდენიმე სახის გართულებები ეწყებოდათ: ღებინება, შინაგანი სისხლდენა, წონის კლება, სუნთქვის უკმარისობა, ციებ-ცხელება და სხვა.

 

სხვადასხვა ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ცხოველებს ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. მაგალითად, ვიდეოში ჩანს ძაღლი, რომელიც მარტო, უყურადღებოდაა გამოკეტილი და სისხლისგან იცლება.

 

კადრების გავრცელების შემდეგ ამ ამბავს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ამჟამად მიმდინარეობს ამ ფაქტის შესწავლა, ექსპერიმენტების ხელმძღვანელი ლაბორატორია კი გამოძიების გამო დაიკეტა.

 

ცხოველების უფლებების დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაცია „Soko Tierschutz“-მა ეს ფაქტი წამებისა და ბოროტების საზარელ ნაზავად შეაფასა:

 

„დაუჯერებელია, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც ცხოველების დაცვის მუხლი კონსტიტუციაშია შეტანილი“, - აცხადებს ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი.

 

ჯერ კიდევ ივლისში ევროკომისიამ გაავრცელა გაცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გერმანიაში სხვადასხვა კვლევით ექსპერიმენტში მონაწილე ცხოველებზე მოპყრობის შემთხვევები ხშირად საერთაშორისო კანონსა და თავად გერმანიაში მიღებულ რეგულაციებსაც ეწინააღმდეგებოდა.

 

„Cruelty Free International“-მა რვაწუთიანი ფარული ჩანაწერი „YouTube“-ის ოფიციალურ არხზე გამოაქვეყნა:

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი