logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: შეთანხმების პირობები თუ არ შესრულდება, თურქეთი ოპერაციას განაახლებს
- +

18 ოქტომბერი. 2019. 18:10

 

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თუ 17 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების პირობები არ შესრულდება, თურქეთი ოპერაციას განაახლებს.

 

თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, ქურთმა მებრძოლებმა საზღვრის მიმდებარე ტერიტორია 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ, რათა იქ უსაფრთხო ზონა შეიქმნას. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა იძულებული გახდება, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაცია განაახლოს.

 

ამასთან, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ოპერაციის შესახებ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს, ოპერაციის დაწყებამდე სამი დღით ადრე, სატელეფონო საუბრის დროს აცნობა.

 

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს ანკარას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობდნენ. ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, სირიის ჩრდილოეთში ცეცხლი ხუთი დღის განმავლობაში შეწყდება. ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა საზღვრიდან 30 კილომეტრში უნდა გადაინაცვლონ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი