ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, მის შვილს უკრაინულ გაზის კომპანიაში მუშაობისას არასწორად არაფერი გაუკეთებია. „CBS NEWS“-თან“ ინტერვიუში, დემოკრატი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ყველაფერი, რასაც მისი შვილი აკეთებდა, „მართებული იყო“.
რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინის ლიდერისადმი, გამოეძიებინა მისი შვილის საქმიანობა, ბაიდენი ასე პასუხობს:
„ბატონო პრეზიდენტო, გვაჩვენეთ შენი საგადასახადო დეკლარაციები. მოდით ვნახოთ, რამდენად მართალი ხარ... შენ რას მალავ? კორუფციასთან გინდა ბრძოლა? მაშინ გამოააშკარავე შენი საგადასახადო დეკლარაციები ან მოკეტე“, - აცხადებს ბაიდენი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სთხოვდა, ყურადღება მიექცია ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისთვის. ამის შესახებ საუბარია სატელეფონო საუბრის იმ გაშიფრულ ტექსტში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.