logo_geo
ვლადიმერ ბუკოვსკი გარდაიცვალა
- +

31 ოქტომბერი. 2019. 12:14

 

საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის გამორჩეული წევრი, მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი ვლადიმერ ბუკოვსკი 27 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ბუკოვსკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მას გული გაუჩერდა. იმავე წყაროს მიხედვით, ბუკოვსკი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

 

პროფესიით ნეიროფსიქოლოგი 1960-70-იანი წლების დისიდენტური მოძრაობის წევრი იყო, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ამხილა საბჭოთა კავშირის სისტემა პოლიტიკურ პატიმრებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში.

 

ბუკოვსკი პირველად 1963 წელს მოსკოვში პოეზიის საღამოს მოწყობის გამო დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1966 წელს ის კვლავ დააკავეს საპროტესტო დემონსტრაციის ორგანიზების გამო, რომელიც მწერლების, ანდრეი სინიავსკისა და იული დანიელის მხარდაჭერის მიზნით იყო ორგანიზებული. მან საბჭოთა ციხეში 12 წელი გაატარა.

 

1971 წელს ბუკოვსკიმ შეძლო და დასავლეთს 150-გვერდიანი დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც საბჭოთა კავშირში ფსიქიატრიული ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დეტალები იყო აღწერილი. 1972 წელს სასამართლომ მწერალს საბჭოთა ფსიქიატრიის წინააღმდეგ ცილისწამებაში, უცხოურ პრესასთან თანამშრომლობასა და ანტისაბჭოური პუბლიკაციების გავრცელებაში დასდო ბრალი.

 

1976 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ის ჩილელი კომუნისტების ლიდერზე გაცვალა. ამ დროიდან ბუკოვსკი დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, კემბრიჯში ცხოვრობდა, სადაც ის გარდაიცვალა კიდეც.

 

დიდ ბრიტანეთში ცხოვრების დროს ის ჯერ საერთაშორისო ანტიკომუნისტური ორგანიზაციის პრეზიდენტი გახდა, მოგვიანებით კი თავისუფლების კომიტეტის გენერალურ დირექტორად აირჩიეს. ბუკოვსკი იყო ერთ-ერთი იმ მწერალთა და ისტორიკოსთა შორის, რომლებმაც კომუნიზმის მსხვერპლთა ხსენების დღედ 7 ნოემბერი დააწესეს.

 

1992 წელს მოსკოვის მერიის ლიბერალმა წარმომადგენლებმა მას მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს, თუმცა, მწერალმა შეთავაზებაზე უარი თქვა. მოგვიანებით, 2007 წელს მან რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. მისი კანდიდატურა პოლიტიკურმა აქტივისტებმა და მწერლებმა წამოაყენეს. მის კანდიდატურას 800-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, თუმცა რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცა, რის გაცხადებულ მიზეზადაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მისი რუსეთში არცხოვრება დაასახელეს.

 

ვლადიმერ ბუკოვსკი არაერთი გამორჩეული პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის „საბჭოთა კავშირი: უტოპიიდან კატასტროფამდე“, „განაჩენი მოსკოვში“, „რუსეთის სხვა მწერლები“, „სახელმძღვანელო ფსიქიატრიაზე დისიდენტებისთვის“ და სხვა.

 

 

big_banner
არქივი