ჰონგ-კონგში შეტაკებების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ჰოსპიტალიზებულები არიან. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გუშინ ჰონგ-კონგში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია 200 ადამიანი.
ჰონგ-კონგში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა იმართება. მასშტაბური მანიფესტაციების წევრები თავდაპირველად ექსტრადირების შესახებ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ახლა აქტივისტები დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვენ.