logo_geo
სირიაში, თურქეთის საზღვართან აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
- +

23 ნოემბერი. 2019. 18:08

 

სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქალაქ თელ-აბიადის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა. როგორც ადგილზე მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია იუწყება, დაღუპულებს შორის ოთხნი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

 

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოფიციალურმა ანკარამ რეგიონში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.

 

ოპერაციის მიზანი სასაზღვრო ტერიტორიიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და რეგიონში ე.წ. უსაფრთხო ზონის ჩამოყალიბება იყო.

 

17 ოქტომბერს ვაშინგტონთან მოლაპარაკების საფუძველზე ანკარამ ოპერაცია ხუთი დღით შეაჩერა. ამ ხნის განმავლობაში ქურთ მებრძოლებს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ.

 

რამდენიმე კვირის წინ კი, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს პირველმა პირებმა ამ საკითხთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსებისა და თურქების ერთობლივ პატრულირებას ითვალისწინებს.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთისა და რუსეთის მორიგი ერთობლივი პატრულირება ჩატარდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი