logo_geo
ბეისბოლის ვარსკვლავი, ვის გამოც Ice Bucket Challenge შეიქმნა, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

10 დეკემბერი. 2019. 13:14

 

 

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ბეისბოლის ვარსკვლავი პიტ ფრეითსი, ვის გამოც საქველმოქმედო აქცია Ice Bucket Challenge შეიქმნა, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

ფრეითსი 27 წლის იყო, როდესაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს და იგი ამ დაავადებას 7 წლის განმავლობაში ებრძოდა.

 

 

„პიტი არასოდეს წუწუნებდა მისი ავადმყოფობის გამო, პირიქით, იგი იმედს აძლევდა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს. იგი ბოლომდე ცდილობდა არ დანებებოდა დაავადებას, რომლის განკურნებაც სადღეისოდ შეუძლებელია“, – აცხადებენ პიტის ოჯახის წევრები.

 

Ice Bucket Challeng-ს საქველმოქმედო აქცია 2014 წელს დაიწყო.

 

 

ადამიანს, რომელსაც გამოიწვევდნენ, თავზე ყინულებით სავსე წყალი უნდა გადაესხა და მას ამისათვის 24 საათი ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 დოლარი უნდა გადაერიცხა, გადასხმის შემთხვევაში კი – მხოლოდ 10 დოლარი. წყლის გადასხმის შემდეგ კი აქციაში თავად უნდა გამოეწვია სამი ადამიანი. ამ საქველმოქმედო აქციაში არაერთი ცნობილი ადამიანი ჩაერთო. მარკ ცუკერბერგმა, ბილ გეითსმა, მაიკლ ჯორდანმა, ლებრონ ჯეიმსმა და სხვა არაერთმა ვარსკვლავმა თავზე ყინულებით სავსე წყლის გადასხმის ვიდეოები გაავრცელეს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა და ბარაქ ობამამაც მიიღეს აქციაში მონაწილეობა.

 

 

Ice Bucket Challenge-ს საქველმოქმედო აქციამ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის გამოკვლევის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა. საქველმოქმედო აქციაში 17 მილიონი ადამიანი ჩაერთო. აქციის შედეგად დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. აქედან 67% დაავადების დაძლევის გზების ძიებასა და სამეცნიერო კვლევას დაეთმო.  Ice Bucket Challenge-ს ფარგლებში თანხა საქართველოდანაც გადაირიცხა.

 

 

 

big_banner
არქივი