logo_geo
ესტონეთის პრეზიდენტმა ფინეთის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა
- +

17 დეკემბერი. 2019. 11:22

 

ესტონეთის პრეზიდენტმა ფინეთის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა.

 

კერსტი კალიულაიდის ბოდიშის მოხდა მას შემდეგ მოუწია, რაც ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარტ ჰელმემ ფინეთის მთავრობის მეთაურს „გამყიდველი გოგონა“ უწოდა.

 

როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ჰელმეს ეს განცხადება მისთვის „მოულოდნელი“ და „შემაშფოთებელი“ იყო. კალიულაიდის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრისთვის ბოდიშის მოხდა სთხოვა.

 

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 34 წლის სანა მარინი კოალიციურ მთავრობას მეთაურობს, რომლის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ქალია.

 

სანა მარინი უნივერსიტეტში ჩაბარებამდე და პოლიტიკაში წასვლამდე, გაყიდვების სპეციალისტად მუშაობდა.

 

როგორც სანა მარინმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, „ამაყია, რომ ფინეთში ღარიბ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებსაც შეუძლიათ მიიღონ განათლება და ბევრს მიაღწიონ“.

 

„მაღაზიის მოლარე შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი“, – წერს ფინეთის მთავრობის მეთაური.

 

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარტ ჰელმემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი განცხადება, არასწორად იყო ინტერპრეტირებული და ის ფინეთის პრემიერ-მინისტრს ბოდიშს უხდის. ამის მიუხედავად, ესტონეთის ოპოზიციური პარტიები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი