logo_geo
ჯონ ბასმა ავღანეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობა დატოვა
- +

6 იანვარი. 2020. 21:16

 

ავღანეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ვაკანტურია. ამერიკელმა დიპლომატმა ჯონ ბასმა „Twitter“-ზე დაწერა, რომ ავღანეთის დატოვების დროა.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „New York Times“-ს პირად საუბარში უთხრა, რომ ჩვეული მოვლენაა ელჩებისთვის, როდესაც ქაბულში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მსახურობენ, რადგან ეს სამუშაო დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ელჩი არ გაუთავისუფლებიათ და წასვლა დაგეგმილი იყო.

 

ქაბულის დიპლომატიურ წრეებში კი ამბობენ, რომ ჯონ ბასმა თანამდებობა პირადი მიზეზით დატოვა და ის მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემას უკავშირდება.

 

ჯონ ბასს დროებით როს უილსონი შეცვლის, რომელიც საქართველოში ელჩის მოვალეობას ასრულებდა და ქვეყანა 2019 წლის მაისში დატოვა. თავად ჯონ ბასი კი საქართველოში ამერიკის ელჩი 2009-2012 წლებში იყო. 2014 წლის სექტემბერში ჯონ ბასი თურქეთში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

ანკარა მან სკანდალით დატოვა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთსა და ამერიკას შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში სწორედ ბასი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ელჩად აღარ აღიარებდა.

 

თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯაშუშობის და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

 

ჯონ ბასი ხელისუფლებისგან მისი თანამშრომლის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას ითხოვდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი