logo_geo
ავსტრალიაში ხანძრების შედეგად 2000 სახლი დაიწვა
- +

7 იანვარი. 2020. 11:40

 

 

 

ავსტრალიაში ხანძრების შედეგად 2000 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

ოფიციალური პირების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო სამსახური ვითარების გაუარესებისთვის ემზადებიან.

 

სინოპტიკოსების თქმით, დღეს ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ, რამაც შესაძლოა, ხანძრების გაძლიერება გამოიწვიოს.

 

ექსპერტების ვარაუდით, ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრების შედეგად მიყენებული  ზარალი 500 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, თუმცა ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია.

 

ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი ფარავს დედაქალაქ კანბერას, სიდნეის და მელბურნსაც. ექიმები რესპირატორული და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს სახლის დარჩენას ურჩევენ.

 

7 იანვარს ავსტრალიაში დაკრძალეს მეხანძრე, რომელიც 19 დეკემბერს სტიქიასთან ბრძოლას ემსხვერპლა. მასთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ათობით მეხანძრე დაესწრო. მათ გარდაცვლილ კოლეგას პატივი მიაგეს.

 

ავსტრალიაში ხანძრები სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა მილიონობით ცხოველი.

 

ავსტრალიის ხელისუფლებამ უკვე დადო პირობა, რომ ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად ინტენსიურად იმუშავებს. კომპენსაციას მიიღებს ყველა დაზარალებული, რომელთა ქონება ცეცხლმა გაანადგურა, ასევე მეხანძრეები და მოხალისეები, რომლებიც ხანძართან ბრძოლის დროს დაშავდნენ.

 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ხანძრების ზარალის აღმოფხვრას მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მობილიზება დასჭირდება.

 

ავსტრალიას ხანძრების ლიკვიდაციაში ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ეხმარებიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი