logo_geo
ირანის პრეზიდენტი უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებას აშშ-ის ქმედებებს უკავშირებს
- +

11 იანვარი. 2020. 14:36

 

 

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებას აშშ-ის ქმედებებს უკავშირებს.

 

ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არსებული მუქარის გამო, ირანის ძალების სრული მობილიზაცია მოხდა. მისი თქმით, ტრაგედია სწორედ ამან გამოიწვია.

 

„გენერალ ყასემ სოლეიმანის მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ, აგრესიული ამერიკული რეჟიმის მხრიდან მუქარის გარემოში, ამერიკული არმიის შესაძლო თავდასხმისგან თავდაცვის მიზნით, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სრული მობილიზაცია მოხდა. ადამიანურმა შეცდომამ კი, სამწუხაროდ, საშინელი კატასტროფა გამოიწვია, რასაც ათობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა“, - აღნიშნავს ჰასან რუჰანი.

 

ამასთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი იმ ქვეყნების მთავრობებთან, რომელთა მოქალაქეები ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ, აქტიურად თანამშრომლობს, მათ შორის დაღუპულების ცხედრების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

 

ოფიციალურ განცხადებაში ჰასან რუჰანი აღნიშნავს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის სისტემის სუსტი მხარეები აუცილებლად დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი და შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა მსგავსი კატასტროფა აღარ განმეორდეს.

 

რამდენიმე საათის წინ ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი