logo_geo
რა ქონებას ფლობს რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი?
- +

7 მარტი. 2017. 12:26



ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა გამოაქვეყნა თავისი ყველაზე მასშტაბური გამოძიების შედეგები. პუბლიკაციის მთავარი გმირი გახლავთ რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი თანამებრძოლი, პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი, საუბარია ელიტარულ უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთებზე, ნახატებზე, აგროკომპლექსებზე და ღვინის ქარხნებზე, რომლებიც მაღალჩინოსანი პოლიტიკოსის საკუთრებაშია. გამოძიების შედეგად შეიქმნა 50-წუთიანი ფილმი მედვედევის სიმდიდრეზე, რომელიც შეიქმნა ოლიგარქების „შემოწირულობით" და სახელმწიფო ბანკების კრედიტებით. ვიდეო გამოქვეყნებულია Youtube-ზე ნავალნის არხზე. ტექსტური ვერსია განთავსებულია რუსულ და ინგლისურ ენებზე.


თავის ბლოგში ნავალნი აღნიშნავს, რომ ფონდის თანამშრომლებმა გამოააშკარავეს კარგად შეფუთული კორუფციული სქემა, რისი მეშვეობითაც მედვედევი მდიდრდება; გამოირკვა, რომ არსებობს საქველმოქმედო და არაკომერციული ფონდები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მედვედევის ნათესავები და დაახლოებული პირები, „შემოწირულობას" ახორციელებენ ოლიგარქები და სახ. მუშაკები, შემდეგ ამ თანხებით ხდება უძრავი ქონების შესყიდვა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საზღვარგარეთაც.


მედვედევის კუთვნილებაში არსებული ერთ-ერთი ობიექტი გახლავთ რუბლიოვკაზე მდებარე რეზიდენცია, რომლის ღირებულება 5 მილიარდი რუბლია და ოფიციალურად ეკუთვნის ფონდ „სახსოცპროექტს". რეზიდენცია ფონდს აჩუქა ბიზნესმენმა ალიშერ უსმანოვმა, რომლის ქონება 12,5 მილიარდ დოლარს შეადგებს. ანტიკორუფციული ფონდის აზრით, ასეთ „შემოწირულობას" აშკარად ქრთამის სახე აქვს. „სახსოცპროექტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მედვედევის თანაკურსელი, „გაზპრომ ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი ილია ელისეევი, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდ „Дар"-ს. სწორედ ამ ფონდის საკუთრებად ითვლებოდა კარ-მიდამო „მილოვკა" პლესში, რომელიც შემდეგ ჩუქებით გადაეცა ფონდ „გრადისლავას", რომელიც დააარსა ლეონიდ რუბცოვმა. ის თავის მხრივ არის ასევე ფონდ „გრინ იარდ"-ის დირექტორი, რომელიც „სახსოცპროექტს" ეკუთვნის. „სახსოცპროექტში" დირექტორის თანამდებობა უკავია მედვედევის კიდევ ერთ თანაკურსელს ალექსეი ჩეტვერტაკოვს, ხოლო „სახსოცპროექტის" დამფუძნებელია ვიტალი გოლოვაჩოკი, რომელიც ფონდ „დარ"-ის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელია.


ფონდის საკუთრებაში არსებული კარ-მიდამო შედგება 3000 კვ.მ სახლისგან, 750 კვ.მ. სასტუმრო სახლისგან და სხვა ნაგებობებისგან. ეს ყველაფერი განთავსებულია 4,5 ჰექტარზე ოდინცოვოს რაიონის სოფელ ზნამენსკოვში. მედვედევის საკუთრებაშია ასევე კარ-მიდამო კურსკის ოლქში, სოფელ მანსუროვოში, საიდანაც თავად არის წარმოშობით. მამულის ფართი 240 000 კვ.მ-ია და სახლების გარდა არის ორი ასაფრენი მოედანი ვერტმფრენისთვის, დეკორატიული ტბორი და სპორტული მოედნები. ფილმში ეს ყველაფერი კარგად ჩანს.


რეზიდენცია გაფორმებულია აგროკომპლექს „მანსუროვოზე", რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მედვედევის უკვე ნახსენები თანაკურსელი ელისეევია. აგროკომპლექსი 27 ათას ჰექტარზეა გადაჭიმული, სადაც 3170 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 55 000 ღორი და ცხენსაშენია განთავსებული. საწარმოს დირექტორია ნატალია ხარიტონოვა, ელისეევის მოსწავლე, ხოლო დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი ანდრეი მედვედევი პრემიერის ბიძაშვილია. ამას დაუმატეთ მიწის ნაკვეთები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, უამრავი წილი უმსხვილეს კორპორაციებში, გრაფ კუშელოვ-ბეზბოროდკოს XVIII საუკუნეში აშენებული სასახლე სანკტ-პეტერბურგის ცენტრში, კვიპროსის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ორი ძვირადღირებული იახტა (16 მლნ დოლარი), რომელთაც ერთი და იგივე სახელი ჰქვიათ „ფოტინა"; ეს გახლავთ საეკლესიო ანალოგი სვეტლანასი (მედვედევის მეუღლის სახელია). 100%-იანი წილი იტალიურ მეღვინეობის კომპანია „FATTORIA DELLA AIOLA"-ში და კიდევ ბევრი სხვა.


ანტიკორუფციული ფონდის კვლევას ჯერ გამოხმაურება არ მოჰყოლია სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რაც მოსალოდნელიც იყო. 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი