logo_geo
მალდივის საგარეო საქმეთა მინისტრი: მალდივის რამდენიმე კუნძული შეიძლება, გაქრეს
- +

17 იანვარი. 2020. 15:54

 

 

მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტროპიკული არქიპელაგის რამდნიმე კუნძული შესაძლოა, გაქრეს. მისი თქმით, თუ კუნძული დროულად არ მიიღებს დაფინანსებას, რათა ეფექტიანად ებრძოლოს კლიმატის ცვლილების შედეგებს, მის ნაწილს ოკეანე დაფარავს.

 

როგორც მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა შაჰიდი „როიტერთან“ ინტერვიუში აცხადებს, „პატარა სახელმწიფოებისთვის დაფინანსების მიღება იოლი საქმე არ არის“.

 

„თუ პროცესი გაჭიანურდება, მაშინ ჩვენ წყალქვეშ აღმოვჩნდებით“, – განაცხადა მინისტრმა.

 

სანაპირო ზოლის დასაცავად მალდივების რესპუბლიკა წელიწადში 10 მილიონ დოლარს ხარჯავს. თუმცა, როგორც მთავრობა ვარაუდობს, კუნძულის ყველა მცხოვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას 8,8 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

 

„კუნძულების დასაცავად საჭიროა კედლების მშენებლობა. ეს ძვირია, მაგრამ საჭირო. ვერ დაველოდებით, სანამ ოკეანე ყველა კუნძულს ჩაყლაპავს“, – განაცხადა შაჰიდმა.

 

გაერო-მ უკვე შექმნა სპეციალური ფონდი, სადაც მალდივის კუნძულების დასაცავად 24 მილიონი დოლარი შეგროვდა. მალდივის რესპუბლიკას დამცავი კედლების მშენებლობაში დახმარება იაპონიამაც შესთავაზა.

 

მალდივის არქიპელაგის 80 პროცენტზე მეტი ოკეანის დონიდან მხოლოდ ერთი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ამის გამო, წყლის დონის მატება და შტორმები ქვეყნის მოსახლეობას უდიდეს საფრთხეს უქმნის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი