logo_geo
ბუკინგემი: პრინცი ჰარი და მეგანი „მისი სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით ვეღარ ისარგებლებენ
- +

19 იანვარი. 2020. 11:36

 

 

„პრინცი ჰარი და მეგან მარკლი „მისი სამეფო უმაღლესობის“ ტუტულით აღარ ისარგებლებენ და სახელმწიფო სახსრებს აღარ მიიღებენ“, - ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წყვილი დედოფალს ოფიციალურად ვეღარ წარმოადგენს.

 

ბუკინგემი აცხადებს, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია „ფროგმორის კოტეჯის“ მოსაწყობად, რომელშიც მათ დიდ ბრიტანეთში ყოფნისას უნდა იცხოვრონ, 2,4 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას აპირებს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში გაზაფხულიდან შევა.

 

ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა დედოფალ ელისაბედ II-ის განცხადებაც.

 

„რამდენიმე თვიანი საუბრებისა და ბოლოდროინდელი დისკუსიების შემდეგ, მოხარული ვარ, რომ ერთად ვიპოვეთ კონსტრუქციული და მხარდამჭერი გზა ჩემი შვილიშვილისა და მისი ოჯახის მომავლისთვის.

 

ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის საყვარელი წევრები.

 

ვაცნობიერებ იმ გამოწვევებს, რაც მათ წინაშე იდგა განსაკუთრებული ყურადღების გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში და მხარს ვუჭერ მათ სურვილს, ჰქონდეთ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება.

 

მსურს, მადლობა გადავუხადო მათ თავდადებული შრომისათვის რაც ქვეყნასა და მის ფარგლებს გარეთ გაწიეს. განსაკუთრებით ამაყი ვარ იმის ნახვით, თუ როგორ სწრაფად გახდა მეგანი ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

 

მთელი ჩემი ოჯახი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეთანხმება მათ საშუალებას მისცემს, ახალი, ბედნიერი და მშვიდი ცხოვრების შენება დაიწყონ“, - ნათქვამია დედოფლის მიერ გავრცელებულ წერილში.

 

შეგახსენებთ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარის თქმას და მუშაობით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას აპირებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი