logo_geo
იტალია ფედერიკო ფელინის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
- +

20 იანვარი. 2020. 19:17

 

ცნობილ იტალიელ რეჟისორ ფედერიკო ფელინის დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა. იტალია ამ ღირშესანიშნავ თარიღს სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. იტალიის კულტურის მინისტრ დარიო ფრანჩესკინის განცხადებით, 2020 წელს ფელინისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება. 

 

ფედერიკო ფელინი რიმინში 1920 წლის 20 იანვარს დაიბადა.

 

კინოში მისი მისვლა რობერტო როსელინის დამსახურებაა. როსელინის მოეწონა იმხანად კარიკატურისტი ფელინის მიერ დახატული შარჟი და მას სცენარისტობა შესთავაზა. მოგვიანებით, ფელინიმ აღნიშნა, რომ არა როსელინი, შესაძლოა, იგი კინორეჟისორის ნაცვლად ცირკის დირექტორი გამხდარიყო.

 

ფელინის პირველი წარმატებული ფილმი იყო „გზა“. ფილმი საუკეთსო უცხოენოვანი ფილმისთვის „ოსკარის“ ლაურეატი და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის „ვერცხლის ლომის” მფლობელი გახდა. ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ჯულიეტა მაზინა - ფელინის ცოლი. ასევე მაზინამ შეასრულა მთავარი როლი ფილმში „კაბირიას ღამეები“, სადაც მეძავის ცხოვრებაა ასახული.

 

ფილმმა „ტკბილი ცხოვრება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებდა. მასტროიანმა ამის შემდგომაც შეასრულა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ფელინის ფილმებში.

 

ფელინი იტალიის ყველაზე დიდი ჯილდოს – დიდი ჯვრის ორდენის კავალერია. მის სახელს ატარებს მშობლიური ქალაქის – რიმინის აეროპორტი.

 

ფედერიკო ფელინი 1993 წელს გარდაიცვალა.

 

***

 

„როდესაც გიყვარს, უბრალო ადამიანი კი არა, არომატი ხარ, რომელიც ფეხით მიწაზე კი არ დგას, მის თავზე ლივლივებს...“

 

ჩემმა მკითხველმა იცის, რომ საოცრად მიყვარს დიდი ხელოვანების ეპითეტებით ან, თუნდაც, ოქსიმორონებით შემკობა, მაგრამ, ამ კაცის შემთხვევაში, ჩემს ამ „ნიჭს“ დავიოკებ და არ დავწერ, რომ საშინლად გენიოსი იყო... სამაგიეროდ, მის ფილმებს შეგახსენებთ, რომლებიც ყველაზე კარგად დაახასიათებენ მას: „გზა“, „კაბირიას ღამეები“, „ამარკორდი“, „ორკესტრის რეპეტიცია“, „ტკბილი ცხოვრება“ - რომლის წყალობითაც (პირველად საქართველოს და, შემდეგ კი, მსოფლიო ისტორიაში) გაჩნდა სიტყვა „პაპარაცცი“, იმ მნიშვნელობით, რომლითაც დღეს ვხმარობთ... ან მისი ფილმი „რვანახევარი“... აი, აქ გავჩერდები, რადგან რვანახევარი ფურცელი არ ეყოფა მასზე წერას და მისი ფილმების გარჩევას...

 

ერთ ფაქტს მაინც შეგახსენებთ: 1993 წელს, ერთ-ერთი „ოსკარის“ გადაცემისას, ფელინიმ დარბაზში მჯდომ და სიხარულით ცრემლმომდგარ ჯულიეტა მაზინას მიმართა:

 

„ნუ ტირი, ჯულიეტა!“...

 

რამდენიმე თვეში მათ „ოქროს ქორწილი“ უნდა აღენიშნათ, მაგრამ ფელინის ინსულტმა „გლიჯა“ და საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა. იგი ასიათასობით კაცმა დაიტირა და გააცილა სამარის კარამდე. დღეს მის საფლავზე არის გემის მაგვარი ობელისკი, რაც ფელინის ფილმის „და მიცურავს გემი...“ ასოციაციას იწვევს. მისი უახლოესი მეგობრის - ტონინო გუერას თხოვნით - ამ ობელისკზე გაკეთდა წარწერა:

 

„ჯულიეტა, ახლა შეგიძლია იტირო!“

 

ჯულიეტამ იტირა და 5 თვეში „მიეწია“ საყვარელ მეუღლეს... მანამდე დაიბარა, ქმრის ფოტოთი ხელში დამმარხეთო... რას არ გაიგებს კაცი?! მე მასე არ მინდა... ხომ გადავირევი, საფლავში თვალი რომ გავახილო და მურაზის ფოტო დავინახო?! თუმცა, რა მანერვიულებს?! არც მე ვარ ჯულიეტა და არც მურაზია ფელინი ან რომეო... ორივენი ბედკრული საქართველოს უბრალო მოკვდავები ვართ.... ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ როდესაც ფედერიკო ფელინის „კეთილი გენია“ ჯულიეტა მაზინა გარდაიცვალა, იგი, საყვარელი ქმრის ფოტოთი ხელში, მის გვერდით დაკრძალეს - რიმინის სასაფლაოზე.

 

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

big_banner
არქივი