logo_geo
დღეს ჩინური ახალი წელია
- +

25 იანვარი. 2020. 17:29

 

 

 

დღეს ჩინური ახალი წელია. ახალი წელი მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინურ კულტურაში. ჩინეთში ამ დღესასწაულს უწოდებენ ,,გაზაფხულის ფესტივალს” , რადგან ამით აღინიშნება ზამთრის სეზონის დამთავრება. ახალი წელი იწყება ჩინური კალენდრის პირველი თვის პირველ რიცხვში და მთავრდება 15 დღის შემდეგ „ლამპიონების ფესტივალით“.

 

ამ დღესასწაულის წარმოშობა ზუსტად არ არის ცნობილი, მის შესახებ მხოლოდ ლეგენდებია შემონახული. ერთი ლეგენდის მიხედვით, მონსტრი ნიანი აწიოკებდა სოფელს. ერთმა ბრძენმა ურჩია სოფლის მცხოვრებლებს, ნიანის დასამარცხებლად გამოეყენებინათ ხმაური, ცეცხლი, მაშხალები და ასევე წითელი ქაღალდის ლამპიონები დაეკიდათ სახლის შესასვლელებში. ბრძენის რჩევამ შედეგი გამოიღო და ნიანი დამარცხდა. სწორედ მონსტრი ნიანის დამარცხების დღეს აღინიშნება ჩინური ახალი წელი.

 

 

 

 

 

 

ახალი წლის თარიღი დაკავშირებულია მთვარის კალენდართან და იცვლება ყოველწლიურად. ფესტივალი ტარდება ხოლმე დაახლოებით 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე პერიოდში. ეს დღესასწაული სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია ჩინურ კულტურაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩინურ კალენდარში ყოველ წელს 12-იდან ერთ-ერთი ცხოველი შეესაბამება. მაგალითად 2019 ტახის წელი იყო, ხოლო 2020 ვირთხის წელია. თითეულ ცხოველს განსხვავებული თვისებები, უნარები და შესაძლებლობები აქვს. სწორედ ამის მიხედვით დგება ჩინური ჰოროსკოპი.

 

საახალწლო დღესასწაული 15 დღეს გრძელდება და ყოველი დღე თავისი მნიშვნელობით ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველ დღეს ესალმებიან თავიანთ ღვთაებებს, რათა დაიფარონ მათი ოჯახები. აღნიშვნა იწყება შუა ღამიდან. იყენებენ სხვადასხვანაირ მაშხალებს, ცეცხლის ფარნებს, ცეცხლმოკიდებულ ბამბუკის ჯოხებს. შემდეგ დღეებს სხვა ღონისძიებები ტარდება,მაგალითად: გათხოვილი ქალები სტუმრობენ თავიანთ მშობლებს (მეორე დღე), უფროსები მიდიან ლანჩზე თავის თანამშრომლებთან ერთად (მერვე დღე), ოჯახები იკრიბებიან ერთად სადილზე და ა.შ. მეთხუთმეტე დღეს კი ამ ყველაფრის კულმინაციაა ლამპიონების ფესტივალი. ადამიანები ამზადებენ დეკორატიულ ლამპიონებს და აწყობენ საჯარო სეირნობას ქუჩაში, ასევე კიდებენ ლამპიონებს სახლებზე. ამ დღესასწაულის ნაწილია დრაკონის ცეკვა, რომელიც ულამაზესი სანახაობაა.

 

 

 

 

 

წითელი ფერი ახალი წლის უმთავრესი ატრიბუტია. ადამიანები იცვამენ ტრადიციულად წითელ ტანისამოსს, ერთმანეთს უგზავნიან წითლად შეფუთულ საჩუქრებს, ქუჩები წითლად არის მორთული. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ წითელი ფერი ეშმაკს აშინებს. ასევე ტრადიციის შემადგენელი ნაწილია ახალი ტანსაცმლის შეძენა, რაც სიმბოლურად უკავშირდება ახალ წელს.

 

ჩინური ახალი წელი აღინიშნება არა მარტო ჩინეთში, არამედ მსოფლიოს ყველა იმ კუთხეში, სადაც ჩინური მოსახლეობაა. ყოველწლიურად შეერთებული შტატების ბევრ დიდ ქალაქში აღნიშნავენ ჩინურ ახალ წელს, მაგრამ თავისი გრანდიოზულობით და სილამაზით სან-ფრანცისკოს ჩინური კვარტალი ყველაგან გამოირჩევა.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გამო წელს პეკინში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.

big_banner
არქივი