logo_geo
კორონავირუსის შემთხვევები უკვე ჩინეთის ყველა რეგიონში გამოვლინდა
- +

30 იანვარი. 2020. 14:47

 

კორონავირუსი უკვე ჩინეთის ყველა რეგიონში ფიქსირდება. როგორც BBC წერს, ვირუსი მსოფლიოს 16 ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა ფინეთშიც.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხუთშაბათს მორიგ შეხვედრას გამართავს, სადაც განიხილავს წარმოადგენს თუ არა ვირუსი გლობალურ საფრთხეს. გერმანულმა ავიაკომპანია „Lufthansa“-მ ჩინეთის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა.

 

ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ტიბეტშიც.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

 

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი