logo_geo
დონალდ ტრამპმა ექვსი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეზღუდა
- +

1 თებერვალი. 2020. 12:31

 

აშშ-ის ადმინისტრაციამ  იმ ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოება დაანონსა, რომელთა მოქალაქეებსაც შეერთებულ შტატებში შესვლა შეეზღუდებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ამ ჩამონათვალში პირველად  ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკა - ყირგიზეთი მოხვდა. სიაში ასევე მოხვდნენ: ნიგერია, სუდანი, ტანზანია, ერითრეა და მიანმარა.

 

ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონი  შესვლის შეზღუდვის შესაძლებლობას ბელარუსის მოქალაქეებისთვისაც განიხილავდა, მაგრამ შემდეგ ეს გადაწყვეტილება აღარ იქნა მიღებული

 

ეს ქვეყნები იდენტიფიცირების სათანადო მართვის პროცედურებს ვერ ატარებენ ან არ აკმაყოფილებენ ეროვნული უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.

 

„ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ იმ სახელმწიფომ, რომელსაც აშშ-ში იმიგრაციისა და ვიზიტებისგან სარგებლის მიღება სურს, დააკმაყოფილოს უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

აკრძალვა ექვსი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის სრულ შეზღუდვას არ ითვალისწინებს. მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება, განაცხადი შეიტანონ იმიგრანტულ ვიზებზე, რაც მათ შეერთებულ შტატებში ბინადრობისა და მუშაობის უფლებას აძლევს. თუმცა, ამ ქვეყნის მცხოვრებლებს კვლავ შეეძლებათ მიმართონ ამერიკის საელჩოებსა და საკონსულოებს ტურისტული და საქმიანი ვიზების მისაღებად.

 

 

big_banner
არქივი