logo_geo
მაჰმუდ აბასი: პალესტინელები ისრაელთან და აშშ-სთან ყველანაირ კავშირს გაწყვეტენ
- +

1 თებერვალი. 2020. 18:42

 

პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ  მისი ადმინისტრაცია ისრაელთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველანაირ კავშირს გაწყვეტს, მათ შორის, შეწყვეტს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

 

მიზეზად აბასი შუა აღმოსავლეთის კონფლიქტის მშვიდობინად მოგვარების გეგმას ასახელებს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიმუშავა.

 

კაიროში სიტყვით გამოსვლისას, აბასმა განაცხადა, რომ ის ვერასდროს მიიღებს ტრამპის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.

აბასის თქმით, ის არ აპირებს მოლაპარაკებას ისრაელთან ამ გეგმის საფუძველზე. პალესტინის ლიდერმა თქვა, რომ იგი არ დაუკავშირდება ტრამპს.

 

პალესტინის ხელმძღვანელობა და ღაზის სექტორის მაკონტროლებელი რადიკალური მოძრაობა „ჰამასი“ ტრამპის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას უარყოფენ.

 

რაც შეეხება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს, მათ მაღალი შეფასება მისცეს ტრამპის მცდელობას, კონფლიქტის მოგვარების გზა იპოვოს, თუმცა, თვითონ გეგმისთვის მხარი აშკარად არ დაუჭერიათ.

 

შეგახსენებთ რომ, ტრამპის ინიციატივა ითვალისწინებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისი იქნება, სადაც აშშ თავის საელჩოს გახსნის.

 

ამასთან, გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს.

 

 

 

big_banner
არქივი