logo_geo
ვიდეოკამერა გინეკოლოგის სავარძლის პირისპირ – ვისთვის კეთდება ჩანაწერი?
- +

12 თებერვალი. 2020. 16:21

 

 

რუსეთში, ქალაქ კალინინგრადში, ქალთა კონსულტაციის ერთ-ერთ განყოფილებაში, კედელზე დამონტაჟებული ვიდეოკამერა აღმოაჩინეს, რომელიც პაციენტის სავარძლის პირისპირ იყო მიმართული. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „НТВ“ ავრცელებს.

 

ვიდეოკამერა, შემთხვევით, ერთ-ერთმა პაციენტმა დაინახა. აღშფოთებული ქალი მაშინვე სამართალდამცავებს დაუკავშირდა, რომლებმაც იგი ამავე დაწესებულების ექიმებთან გადაამისამართეს.

 

ექიმების განმარტება გამაოგნებელი აღმოჩნდა – ვიდეოკამერა, ქალთა კონსულტაციის ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად, კონფლიქტური სიტუაციების პრევენციის მიზნით ყოფილა დამონტაჟებული.

 

პაციენტმა მოიძია სხვა ქალები, რომლებიც ასევე აღშფოთდნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ მათი გინეკოლოგიური ვიზიტების ვიდეოჩანაწერები არსებობდა და ერთობლივი წერილით მიმართეს კალინინგრადის ოლქის ჯანდაცვის განყოფილებას, საიდანაც არანაკლებ უცნაური განმარტება მიიღეს.

 

„ქალთა კონსულტაცია საჯარო ადგილია და მისი დირექტორის განკარგულებით, ვიდეოკამერები, კანონის თანახმად, დამონტაჟებულია ყველა ოთახში, რათა თავიდან იქნას აცილებული ტერორიზმისა და კორუფციის შემთხვევები“, - განუმარტეს შეურაცხყოფილ პაციენტებს.

 

ამ ყველაფრის შემდეგ, დაზარალებულებმა ადამიანის უფლებათა დამცველ ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართეს, რომლებიც ცდილობენ, რეალურ ვითარებაში გაერკვნენ და აიძულონ კალინინგრადის ჯანდაცვის მესვეურები, ეს უგუნური გადაწყვეტილება შეცვალონ.

 

უფლებადამცველთა ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ, ხომ არ იგზავნება ეს ვიდეომასალა პორნოსაიტებზე, ან ხომ არ გამოიყენება ტრეფიკინგის მიზნით.  

 

 

big_banner
არქივი