logo_geo
აშშ-ის სენატმა პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განხორციელების უფლებამოსილება შეუზღუდა
- +

14 თებერვალი. 2020. 11:12

 

 

აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონგრესის მხარდაჭერის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განხორციელებას უზღუდავს. ამის შესახებ „Reuters“ წერს. 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 55 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს. მომხრეთა შორის დონალდ ტრამპის რვა თანაპარტიელი რესპუბლიკელია.

 

დონალდ ტრამპი ინიციატივას მხარს არ უჭერს. შესაბამისი განცხადება მან „Twitter“-ზე გააკეთა.

 

აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სენატმა მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ რეზოლუციას. ახლა არ არის ირანთან მიმართებაში სისუსტის გამოჩენის დრო. თუ ჩემი ხელები შეკრული იქნება, ირანი ძალიან ცუდ სიგნალს მიიღებს. არ დაუშვათ ეს! “ - აღნიშნავს ტრამპ.

 

შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყიში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც პრეზიდენტს ირანთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებებს უზღუდავს. შესაბამისი კანონპროექტი კონგრესში აშშ-ის მიერ ერაყში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისა და ამერიკულ ბაზებზე ირანის საპასუხო დარტყმების შემდეგ დარეგისტრირდა.

 

 

big_banner
არქივი