logo_geo
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1770-მდე გაიზარდა
- +

17 თებერვალი. 2020. 11:08

 

 

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1770-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

 

ხუბეის პროვინციაში ბოლო 24 საათში გარდაცვალების 100 შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 70 550 შეადგინა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 10 879 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

 

კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა ტაივანზე. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.

 

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი