logo_geo
აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, სატელეფონო საუბრისას, სირიის საკითხი განიხილეს
- +

17 თებერვალი. 2020. 11:09

  

დონალდ ტრამპმა და რეჯეფ ტაი ერდოღანმა, სატელეფონო საუბრისას, სირიის საკითხი განიხილეს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯად დირმა აღნიშნა, თურქეთის ლიდერთან სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა რუსეთს ბაშარ ასადის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპმა ერდოღანთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა იდლიბის პროვინციაში ძალადობის გამო.

 

თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა რეჯეფ აი ერდოღანს სირიაში კატასტროფის თავიდან აცილებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის.

 

ორი ლიდერი ასევე შეეხო ლიბიის საკითხსაც. ამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლიბიაში უცხოური ჩარევა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მხოლოდ გაამწვავებს.

 

შეგახსენებთ, რომ სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან თურქეთის სამხედროების პოზიციიების მისამართით საარტილერიო ცეცხლის საპასუხოდ, 10 თებერვალს თურქეთმა იდლიბში სირიის სახელისუფლებო ობიექტებზე ათობით დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, ანკარას ცნობით, მოკლულია 100-ზე მეტი სამხედრო.

 

იდლიბი ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი რეგიონია სირიაში. პროვინციის დასაკავებლად ბაშარ ასადის ძალები რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ოპერაციას აწარმოებენ. ამავე დროს, იდლიბში საკუთარი ძალები აქვს განთავსებული თურქეთსაც, რომელსაც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ სირიელი ლტოლვილების დასახლება სურს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი