logo_geo
ნენსი პელოსი - ქალი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა
- +

17 თებერვალი. 2020. 14:16

 

ბოლო დროს მადამ სპიკერი, ნენსი პელოსი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მთავარ მომხრედ და ინიციატორად მოგვევლინა.

 

79 წლის ნენსი პელოსი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოზიციაზე მყოფი პირველი ქალია.

 

4 თებერვალს მან ვაშინგტონის ტრადიციები უხეშად დაარღვია და კონგრესისადმი პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვის დღეს, პრეზიდენტის ნაცვლად დღის მთავარი გმირი თავად გახდა.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონგრესში გამოსვლის ტექსტი საჯაროდ დახია. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლის ტექსტის ასლი მას კონგრესში მისვლის დროს გადასცა.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლაზე მისულმა აშშ-ის პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსს ხელი არ ჩამოართვა. კადრებში ჩანს, რომ პელოსიმ ტრამპს ხელი გაუწოდა, მან კი ხელი არ ჩამოართვა.

 

ნენსი პატრიცია დ’ალესანდრო, 1940 წლის მარტში, ბალტიმორში, იტალიიდან ემიგრირებულ ოჯახში დაიბადა. ნენსის დედას ანუნციატას, რომელიც წარმოშობით სამხრეთ იტალიის ქალაქ კამპობასოდან იყო, შვიდი შვილი ჰყავდა. მომავალი მადამ სპიკერი ერთადერთი გოგონა იყო.

 

მისი მამა, ტომას დ’ალესანდრო-უმცროსი, რვა წლის განმავლობაში აშშ-ს კონგრესში, შტატ მერილენდის ერთ-ერთ ოლქს წარმოადგენდა. ხოლო 1947 წლიდან 1959 წლამდე ბალტიმორის მერი იყო.

 

როგორც თავად პელოსი იხსენებს, მან მთელი ბავშვობა პოლიტიკოსების გარემოცვაში გაატარა.

 

„როდესაც მე დავიბადე, მამაჩემი კონგრესის წევრი იყო. შემდეგ, როდესაც სკოლაში წავედი, ის გახდა მერი. ამ თანამდებობაზე მამა მანამდე იკავებდა, სანამ კოლეჯში არ წავედი“, - აღნიშნავს სპიკერი.

 

1961 წელს ნენსიმ ბაკალავრის წოდება აშშ-ის დედაქალაქში, წმინდა სამების კათოლიკურ კოლეჯში მიიღო და მერილენდის სენატორ დენიელ ბრუსტერის ოფისში, სტაჟირების გავლაც შეძლო.

 

ნენსი პელოსი დიპლომის მიღების შემდეგ, ბიზნესმენ პოლ პელოსზე დაქორწინდა, რომელსაც ის კოლეჯში შეხვდა. 1963 წლის სექტემბერში წყვილი ბალტიმორის კათოლიკურ ტაძარში დაქორწინდა. ამის შემდეგ, ახალდაქორწინებულები ნიუ – იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნენსი პელოსის ხუთი შვილი და ცხრა შვილიშვილი ჰყავს.

 

როგორც BBC წერს, ადრე პელოსი მონასტერში წასვლაზე სერიოზულად ფიქრობდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. მისი თქმით, მოგვიანებით გააცნობიერა, რომ სამონასტრო ცხოვრება მისთვის არ იყო განკუთვნილი.

 

„მთელი ცხოვრება ვსწავლობდი კათოლიკურ სკოლებსა და კოლეჯებში“, - აღნიშნა ნენსი პელოსმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნენსი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

 

ნენსი პელოსი ამერიკაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შემდეგ, მესამე ადამიანია.

 

big_banner
არქივი