logo_geo
„Bellingact“: ხანგოშვილის მკვლელობის ნებართვა კრემლმა გასცა
- +

18 თებერვალი. 2020. 12:54

 

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი ევროპაში გამგზავრებამდე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცრაზმის „ვიმპელის“ ბაზაზე გადიოდა წვრთნებს. ამის შესახებ ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა „Bellingcat“-ის, გერმანული ჟურნალი „Der Spiegel“-ისა და რუსული გამოცემა „The Insider“-ის ერთობლივ ჟურნალისტურ გამოძიებაში.

 

როგორც ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, ვადიმ კრასიკოვი არაერთხელ იყო შემჩნეული მოსკოვში ვერნადსკის პროსპექტზე მდებარე ФСБ-ს ანტიტერორისტული სამმართველოს შენობაში. მისი ყველაზე ხშირი საკონტაქტო პირი „ვიმპელის“ ვეტერანთა ფონდის ხელმძღვანელი ედუარდ ბენდერსკი იყო.

„Bellingcat“, „Der Spiegel“ და „The Insider“-ის გამოძიების ავტორებმა მოძებნეს ტელეფონის ის ნომერი, რომელსაც ვადიმ კრასიკოვი რუსეთში იყენებდა, ვიდრე გერმანიაში გაემგზავრებოდა. მას შემდეგ, რაც გამოძიების ავტორებმა წვდომა მიიღეს ამ ნომრიდან განხორციელებულ ზარებზე, მათ დაადგინეს ის ნომერი, რომელზეც ყველაზე ხშირად რეკავდნენ ამ ნომრიდან. ეს ნომერი კი აღმოჩნდა ვადიმ კრასიკოვის რეალური მობილური ტელეფონის ნომერი.

 

ხანგოშვილის მკვლელის რეალური ნომრიდან განხორციელებული ზარების შესწავლამ აჩვენა, რომ ის მუდმივ კონტაქტზე იყო რუსულ სპეცსამსახურებთან და ამ კონტაქტის მიზანი იყო ხანგოშვილის მკვლელობის მომზადება.

 

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ხანგოშვილის ლიკვიდაციის ოპერაციის დაგეგმვა არაუგვიანეს 2019 წლის მარტისა დაიწყო. ყველაზე ხშირად კი ვადიმ კრასიკოვი ედუარდ ბენდერსკის ურეკავდა. მათი ბოლო სატელეფონო საუბარი 13 აგვისტოს შედგა, კრასიკოვის პარიზში გამგზავრებამდე სამი დღით ადრე, საიდანაც ის შემდეგ ვარშავაში, ხოლო ვარშავიდან კი ბერლინში გაემგზავრა.

 

ბერლინში გამგზავრებამდე სამი კვირით ადრე ვადიმ კრასიკოვი „ვიმპელის“ კიდევ სამ თანამშრომელს ეკონტაქტებოდა. გამოძიების ვერსიით, სამი ახალი საკონტაქტო პირი მასზე მიმაგრებული იყო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მომზადების ფინალური ეტაპისთვის.

 

„Bellingcat“-ის ანალიტიკოსის ხრისტო გროზევის თქმით, ხანგოშვილის მკვლელობა სანქცირებული იყო სულ მცირე ФСБ-ს ხელმძღვანელობის დონეზე, ხოლო ყველაზე სავარაუდოდ კი, ამის სანქცია კრემლმა გასცა.

 

ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

 

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული პირველი ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა, რომ მკვლელი გამოგონილი სახელით და გვარით სარგებლობდა. ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტის ნამდვილი მფლობელი ვადიმ კრასიკოვია, რომელიც 2000-იან წლებში ორ შეკვეთილ მკვლელობაში ფიგურირებდა. 

 

„WS“J-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთმა შეუკვეთა.  

 

 

big_banner
არქივი