logo_geo
დონბასში 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაშავდა
- +

18 თებერვალი. 2020. 16:44

 

უკრაინაში, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაშავდა. 

 

ინფორმაციას გაერთიანებული ძალების შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინულ მხარეს პოზიციები არ დაუკარგავს, ხოლო საბრძოლო მოქმედებები ამ დროისთვის შეწყვეტილია.

 

„ბრძოლები ნოვოტოშივსკის, ორიხლოვის, კრინსკის და ჰუტირ ვილნის ტერიტორიებზე ამ დროისთვის შეწყვეტილია. გაერთიანებული ძალების დანაყოფებმა ადეკვატური პასუხი მიაგეს მტერს და ინარჩუნებენ სრულ კონტროლს არსებულ ვითარებაზე. სამწუხაროდ, დაღუპულია ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, ხოლო 4 სამხედროს მცირე დაზიანებები აქვს მიღებული. მტრის მხარეს დაღუპულია ერთი პირი და მძიმედ არის დაშავებული 5.“ - აცხადებენ შტაბში.

 

დონბასში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით  ბრიფინგზე განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგეს ღირსეული პასუხი გასცა. ამასთან, ზელენსკიმ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმრა.

 

„პროვოკაციები ხდება და უკრაინის არმიამ ძლიერი პასუხი გასცა ამ პროვოკაციას. ამჟამად, სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. ეს პროვოკაცია არ შეგვაცვლევინებს კურსს, რადგან მხოლოდ ძლიერი არმიის პირობებში შეიძლება მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა. ჩვენ თავდაჯერებულად მივიწევთ წინ, ომის დასრულებისკენ და მშვიდობის დამყარებისკენ.– განაცხადა ზელენსკიმ.

 

ამასთან, განცხადება გაკეთდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. უწყება საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდებს.

 

შეგახსენებთ, მედიის ცნობით, დღეს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამხედრო დაჯგუფებებმა უკრაინულ პოზიციებზე ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტები ცდილობდნენ, არსებული გამყოფი ზოლი გაერღვიათ.

 

big_banner
არქივი