ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 118 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 236-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას, ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 394 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 75 465-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების 118 შემთხვევიდან 115 ხუბეის პროვინციაში, მათ შორის 99 - ქალაქ უხანში, დაფიქსირდა.
ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში გასული წლის დეკემბერში ხუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
გარდა ჩინეთისა, ვირუსის შემთხვევები 26 ქვეყანაში გამოვლინდა.