logo_geo
უკრაინაში აქციის მონაწილეები ჩინეთიდან ევაკუირებულების ავტობუსებს თავს დაესხნენ
- +

21 თებერვალი. 2020. 11:11

 

უკრაინაში, ქალაქ ნოვიე სანჟარიში მომიტინგეების ნაწილი თავს დაესხა ავტობუსებს, რომლითაც ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული უკრაინის მოქალაქეები ჩაიყვანეს.

 

მომიტინგეებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნოვიე-სანჟარიში ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა.

 

მომიტინგეებმა დილიდან  საბურავები დაწვეს და გზები გადაკეტეს.

 

ავტობუსები, რომლებითაც ევაკუირებულები გადმოყავდათ, ქალაქში სპეცრაზმის დახმარებით შევიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 სამართალდამცავი და ერთი მოქალაქე დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. დაკავებულია აქციის ათზე მეტი მონაწილე.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

 

„გამოიჩინეთ სოლიდარობა. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველანი უკრაინელები ვართ. მგზავრების უმეტესობა 30 წლამდეა და ბევრი ჩვენგანისთვის ბავშვებივით არიან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმაც.

 

მისი თქმით, ევაკუირებული ადამიანები კარანტინში იქნებიან. მათთან მხოლოდ ის ექიმები იქნებიან, რომლებიც ჩინეთიდან უკრაინამდე ამ ადამიანებთან ერთად მგზავრობდნენ. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს.

 

სიტუაციის გაკონტროლების მიზნით ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.

 

big_banner
არქივი