logo_geo
ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ხელახლა არჩევაში ეხმარება
- +

21 თებერვალი. 2020. 12:40

 

ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ხელახლა არჩევაში უკვე ეხმარება.

 

ამის შესახებ საუბარია გავლენიანი ამერიკული გამოცემა „New York Times“-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. მას სხვა რამდენიმე ამერიკული გავლენიანი მედიაგამოცემაც ეთანხმება.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ დაზვერვის თანამშრომლებმა აშშ-ის კონგრესის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამერიკული საარჩევნო სისტემისადმი ნდობის შერყევაა.

 

ამასთან, როგორც ჟურნალისტები ამბობენ, დაზვერვის თანამშრომლებმა კონგრესმენებს უთხრეს, რომ რუსეთის ამ მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევა რთულია.

 

„New York Times“-ის ცნობით, რუსეთის ყველაზე დიდი ინტერესს  „დემოკრატების“ პრაიმერიზი იწვევს.

 

„ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები არჩევნებში ჩარევისთვის  „ფეისბუქს“ და სოციალურ ქსელებს გამოიყენებენ.

 

მათ სურთ, რომ დეზინფორმაცია თავად ამერიკელებმა გაავრცელონ, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემს, გვერდი აუაროს სოციალური ქსელების დამცავ მექანიზმებს, რომელიც ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგაა მიმართული.

 

რუსი ჰაკერები მოქმედების დროს გამოიყენებენ ამერიკულ სერვერებს. ამასთან, ისინი შეძლებენ კიბერთავდასხმების მოწყობას და ისე შენიღბავენ ქმედებებს, თითქოს  იერიშები ირანიდან არის მოწყობილი“, – ნათქვამია სტატიაში.

 

„New York Time“-ის ინფორმაციით, თემა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა კონგრესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განიხილა, რამაც პრეზიდენტ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია.

 

აღსანიშნავია, რომ გამოცემა სწორედ ამ ფაქტს  ეროვნულ სადაზვერვო სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირებს.

 

„New York Times“ აღნიშნავს, რომ ტრამპის განსაკუთრებული შეშფოთება შეხვედრაზე „დემოკრატების“ ყოფნამ გამოიწვია, განსაკუთრებით კი სენატორ ადამ შიფის დასწრებამ, რომელიც იმპიჩმენტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე გერმანიაში აშშ-ის ელჩი რიჩარდ გრენელი წარადგინა, რომელსაც მედიის ცნობით, ტრამპის მიმართ ძალიან ლოიალური დამოკიდებულება გააჩნია.

 

 

big_banner
არქივი