logo_geo
ერდოღანი გერმანიასა და საფრანგეთს იდლიბში კრიზისის დასასრულებლად დახმარებისკენ მოუწოდებს
- +

21 თებერვალი. 2020. 18:33

 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, იმას, რაც იდლიბში ხდება, შეიძლება ომი ეწოდოს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

 

თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს საღამოს სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

 

„ამ სატელეფონო საუბრის შედეგი ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს. სირიის საკითხზე ჩვენი პოზიცია უცვლელი დარჩება, ვიდრე იქ ასადის რეჟიმის მხრიდან ძალადობა გრძელდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

21 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს სირიის იდლიბის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისის დასასრულებლად რეალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

ერდოღანმა მერკელსა და მაკრონს უთხრა, რომ იდლიბზე თავდასხმები უნდა შეჩერებულიყო.

 

დღეს კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი თურქეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებთან სირიის შესახებ სამიტის გამართვას განიხილავდა, თუმცა ჯერ არაფერი იყო გადაწყვეტილი.

 

კრემლის სპიკერმა პესკოვმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვლადიმირ პუტინმა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აუცილებელია სირიაში ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება და ამასთან ერთად ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. ამის შესახებ, კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს სატელეფონო ზარის დროს ესაუბრა.

 

თურქეთის ლიდერის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ვლადიმირ პუტინს 5 მარტს სტამბოლში სირიის საკითხზე ოთხმხრივი სამიტის ჩატარება შესთავაზეს.

 

ცნობისთვის: რუსეთი და თურქეთი სირიის სამოქალაქო კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი - მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

 

 

big_banner
არქივი