logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: გახსოვდეთ, ყველაზე საშინელი ვირუსი - სიძულვილია
- +

22 თებერვალი. 2020. 15:09

 

„ჩინეთიდან ევაკუირებული პირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, კამერებმა არაერთი პირი დააფიქსირეს, რომლებიც მასობრივი არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ხალხში პანიკას ვიღაც გამიზნულად და შეგნებულად თესავდა, შემდეგ კი მათ აგრესისკენ მოუწოდებდა.

კამერებმა დააფიქსირა ბევრი ადამიანის სახე, რომლებიც მასობრივი არეულობების ორგანიზებას ახორციელებდა.

 

აქციის ორგანიზატორები და დამკვეთები პასუხს აუცილებლად აგებენ.

 

ამ გადამწვარი თეატრის ყველა რეჟისორსა და დამდგმელს, რომლებიც ალბათ ახალი წარმოდგენისთვის ემზადებიან, მინდა ვუთხრა: არის მომენტები, როდესაც არ არსებობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ინტერესები, ეს უკრაინის ინტერესებია. ასეთ მომენტებში, საჭიროა არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი სოლიდარობა.

 

მომავალი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ზრდასრულობის ტესტი უნდა ჩავაბაროთ. უნდა შევინარჩუნოთ ცივი გონება და ღია გული. გახსოვდეთ, ყველაზე საშინელი ვირუსი - სიძულვილია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრ უხანის პროვინციიდან მოქალაქეების დაბრუნების საკითხი უკრაინის საზოგადოებისთვის გამოცდად შეაფასა.

 

„ყველა ერის ისტორიაში არის დრო, როდესაც მას რთული გამოცდის ჩაბარება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა უწევს. ჩვენ ვართ თუ არ ვართ? ჩვენ ბრბო ვართ თუ ერთიანი ხალხი? ჩვენ ჯოგი ვართ თუ ერი? ჩვენ მცხოვრებლები ვართ თუ მოქალაქეები? ეს გამოცდა ჩვენ არაერთხელ წარმატებით ჩავაბარეთ.

 

კორონავირუსთან და ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებული ისტორია საზოგადოებისთვის მორიგი გამოცდაა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

 

„თითოეულმა უკრაინელმა მკაფიოდ უნდა იცოდეს: „ჩემი სახელმწიფო მე არ მიმატოვებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვარ მე – დატყვევებული მეზღვაური, პოლიტიკური პატიმარი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სარდაფში აღმოჩენილი აქტივისტი, ახალგაზრდა გოგონა ძაღლით თუ უბრალოდ რიგითი ადამიანი, რომელიც ახალი ვირუსის ეპიცენტრში აღმოჩნდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებისთვის თითოეული უკრაინელი შეუცვლელია.

 

ზელენსკიმ ჩინეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებსაც მიმართა, მათ ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება მოხარულია, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ.

 

უკრაინაში, ქალაქ ნოვი სანჟარიში მომიტინგეები თავს დაესხნენ ავტობუსებს, რომლითაც ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები ჩაიყვანეს.

 

 

big_banner
არქივი