logo_geo
ემანუელ მაკრონი: იდლიბში საბრძოლო მოქმედებები ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეს ქმნის
- +

22 თებერვალი. 2020. 15:09

 

საფრანგეთი და გერმანია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და პოლიტიკური პროცესის განახლებას ითხოვენ.

 

ამასთან, ბერლინი და პარიზი თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით, სტამბოლის ოთხმხრივი ფორმატის შეხვედრის რაც შეიძლება მალე გამართვას ითხოვენ.

 

„ჩვენ პრეზიდენტ ერდოღანთან და პრეზიდენტ პუტინთან ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ”, – განაცხადა მაკრონმა.

 

 

„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავმართოთ ე.წ. სტამბოლის ფორმატში მოლაპარაკებები“, - განაცხადა მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მისივე თქმით, მოწოდებების მიუხედევად, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წინ მიიწევენ.

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღებას მიგრაციის პრობლემაზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ ახალი მიგრაციული კრიზის წარმოქმნის რეალური საფრთხე არსებობს.

 

ემანუელ მაკრონის თქმით, ლტოლვილების რიცხვმა შესაძლოა, 2  მილიონს მიაღწიოს.

 

„იდლიბში საბრძოლო მოქმედებები ახალი მიგრაციული კრიზისის წარმოქმნის საფრთხეს ქმნის.

 

მათი ეს ქმედებები ჰუმანიტარული კატასტროფის, კონფლიქტის ესკალაციის და სამიგრაციო კრიზისის საფრთხეებს ქმნის“,- განაცხადა მაკრონმა.

 

სირიის ჩრდილო-დასავლეთში არსბულ ვითარებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანიც.

 

„საგანაგაშოა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის მაჩვენებლები ჩრდილოდასავლეთ სირიაში.

 

ასობით ადამიანი მოკლეს. პატარა ბავშვები ყინვისგან კვდებიან. ადამიანების მიერ შექმნილი ჰუმანიტარული კოშმარი და ადამიანების არნახული ტანჯვა უნდა დასრულდეს“,- წერს გუტიერესი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

ცნობისთვის, რუსეთი და თურქეთი სირიის სამოქალაქო კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი - მეამბოხეებს.

 

კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

 

 

big_banner
არქივი