logo_geo
ინდოეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე 7 ადამიანი დაიღუპა
- +

25 თებერვალი. 2020. 13:43

 

 

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებას 7 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 1 პოლიციელი და 6 აქციის მონაწილეა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის დელიში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ქალაქის ქუჩებში სამხედრო პოლიცია პატრულირებს.

 

50-მდე დაშავებული საავადმყოფებშია გადაყვანილი.

 

შეგახსენებთ, ინდოეთში საპროტესტო აქციები მოქალაქეობის შესახებ ახალმა კანონპროექტმა გამოიწვია.

 

აქციის მონაწილეებმა მაღაზიები და მანქანები დაწვეს. დაკეტილი იყო მეტროს რამდენიმე სადგური. პოლიციამ მის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

ახალი კანონი ინდოეთის მოსაზღვრე მუსლიმური ქვეყნებიდან, ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან ინდოეთში არალეგალურად ჩასულ არამუსლიმ მიგრანტებს მოქალაქეობის მიღების უფლებას აძლევს.

 

მმართველი პარტია ირწმუნება, რომ კანონი ამ ქვეყნებიდან რელიგიური ნიშნით დევნას გამოქცეულ ადამიანებს თავშესაფრის მიღებას გაუმარტივებს.

 

დემონსტრანტების ნაწილს კანონი მუსლიმების დისკრიმინაციად მიაჩნია და ამბობენ, რომ ის ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილ სეკულარულ პრინციპებს არღვევს, სასაზღვრო რეგიონებში კი მას მიგრანტთა ნაკადის გაზრდის საშიშროების გამო ეწინააღმდეგებიან.

 

კანონს დისკრიმინაციული უწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმაც. მთავრობა რელიგიური ნიშნით მიკერძოებულობის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მუსლიმები რელიგიურ უმცირესობას არ წარმოადგენენ და ამ კუთხით ინდოეთისაგან დაცვა არ სჭირდებათ.

 

აქციები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა.

 

 

big_banner
არქივი